
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
"12-13 წლის გოგო გაიტაცეს და გამოძიება 140 მუხლით დაიწყოო… იცით რა მუხლია 140? 16 წლამდე ბავშვთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი რომ მსუბუქ დანაშაულად ითვლება, ის დასაწვავი და გასაუქმებელი მუხლია.
ჯერ ერთი, ამდენი მორალისტის ხელში რით ვერ შევთანხმდით, რომ 15 წლის ბავშვებს უფროსებმა სექსი არ შევთავაზოთ და არ დავაძალოთ?! რა ღირებულებების მატარებელი კანონი გვაქვს, რომ ბავშვის ასეთ გაუპატიურებას მსუბუქ დანაშაულად მივიჩნევთ?!
ახლა ამ შემთხვევაზე რომ დავკონკრეტდეთ, ჯერ 12-13 წლის გოგომ რანაირად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სექსზე??? ან რა ასაკი აქვს, ან რა ცოდნა, ან რა მომზადება? - ეს ერთი, და მეორე - სულ რომ 30 წლის ქალი გაეტაცებინათ, გატაცებულ ადამიანს სადა აქვს თავი და უნარი, სექსზე თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება? თავისუფლებააღკვეთილი ადამიანის ნება უკიდურესად დათრგუნულია და მას არ აქვს საშუალება, რომ სექსს თავისუფლად დასთანხმდეს - მას წართმეული აქვს უფლებებლ!
და ბოლოს, გამაგებინეთ, რატომ იცავს “ქართული ოცნება” გამაუპატიურებელი კაცების უფლებებს მუდმივად? სირაქლემასავით თავს მიწაში დურთავს ყველა ჯერზე, როცა ველაპარაკებით სქესობრივი დანაშაულების რეფორმის აუცილებლობაზე. არ გვეთანხმება, რომ თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა. კაცს თურმე არ სჭირდება თანხმობა ქალისგან და ბავშვისგან. ქალი და ბავშვი უკიდურესად ნაცემი თუ არ არის, გაუპატიურებულად არ მიიჩნევს. სიველურე და სიმხეცე!
ბოლოს და ბოლოს, ბავშვების უფლებებს ვინ დაიცავს ამ ქვეყანაში?!
25 ნოემბერს ისევ ქუჩაში მოგვიწევს შეკრება, ისევ ქუჩიდან უნდა მოვითხოვოთ ჩვენი შვილების, ჩვენი გოგონების დაცვა - სხვა ენა ქოც პარლამენტს არ ესმის. - წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 12 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ნოემბერს, ბრალდებულმა ცოლად შერთვის მიზნით სახლში 12 წლის არასრულწლოვანი მიიყვანა, რომელთანაც სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
0
0