
ოფიციალური პირების თქმით, სამხრეთ მოზამბიკში, ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 45 000-ზე მეტი ქათამი დახოცეს და შემდეგ დაწვეს.
მოზამბიკში ფრინველები მეზობელი სამხრეთ აფრიკიდან იმპორტირდა, სადაც ფრინველის გრიპი გავრცელდა.
გრიპის აფეთქების კერა მოზამბიკის სამხრეთ ინჰამბანის პროვინციაში დაფიქსირდა. ხელისუფლება დაავადების გავრცელების შეკავებას ცდილობს, რადგან ის შესაძლოა ქვეყნის სხვა ნაწილებშიც გადავიდეს.
ფრინველის გრიპი შინაური და გარეული ფრინველისგან გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. ის შეიძლება გავრცელდეს ფრინველის ნარჩენების და ნერწყვის ან დაბინძურებული საკვებისა და წყლის მეშვეობით.
უკანასკნელ დღეებში, მოზამბიკში, მათ შორის დედაქალაქ მაპუტოში, ეპიდემიამ კვერცხისა და ქათმების დეფიციტი, ასევე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
„45,000-ზე მეტი დახოცილი ქათამი კონტაქტში იყო სამხრეთ აფრიკაში ფრინველის გრიპით ინფიცირებულ ქათმებთან. ეპიდემიამ ქვეყანაში კვერცხისა და ქათმის ხორცის მიწოდების დეფიციტი გამოიწვია. მოზამბიკმა სამხრეთ აფრიკიდან ქათმებისა და მათი დერივატების, მათ შორის კვერცხებისა და ქათმის საკვების იმპორტი აკრძალა,“ - თქვა მოზამბიკის მეცხოველეობის განვითარების ეროვნულმა დირექტორმა, ამერიკო და კონსეისაომ.
სამხრეთ აფრიკის მეფრინველეობის ასოციაციის თანახმად, სამხრეთ აფრიკა ფრინველის გრიპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ აფეთქებას ებრძვის, რის გამოც ფერმერები იძულებულნი გახდნენ 7 მილიონი კვერცხისმდებელი ქათამი დაეხოცათ, რაც ქვეყნის მთლიანი მარაგის 20-30%-ს შეადგენს.
0
0