
რეჟიმის ერთგული ადამიანის ქცევა რომ შეიცვალოს, მისი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს, უნდა დაკარგოს ის სიკეთეები, რომლითაც ახლა სარგებლობს. შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, არა, გაუაქმდეს, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჯაფარიძე წერს, „რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ერთიანად, ვიდრე ქვეყანაში არის ბრძოლის რესურსი“.
„რადგან ერთი ნაწილი უბრალოდ ელოდება, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები რატომღაც თავისით ჩაინიშნება, მეორე ნაწილმა, რომელიც „დუხზე“ მხოლოდ მაშინაა, როცა რუსთაველზე ბევრ ხალხს ხედავს და ეგრევე ისვრის, როგორც კი ხალხის რაოდენობა იკლებს, უკვე ჩაიქნია ხელი და საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად უკვე დაიწყო სახლიდან ჭკუის სწავლება, როგორ უნდა დავუთმოთ ბიძინას ახალი საპარლამენტო არჩევნები და სანაცვლოდ რამე გამოვტყუოთ, რადგან მეტის ძალა არ გვაქვს (ოღონდ გაუგებარია, საერთოდ რატომ დათმობენ რუსები რამეს. თან 2020-ის მერე ვნახეთ ეს სცენარი უკვე და შედეგსაც ვხედავთ), მესამე ნაწილი, რომელიც არასოდეს იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და მხოლოდ სხვების ჯმ…თ არის დაკავებული, ახლაც იმავეს აგრძელებს, დავწერ, ჩემი აზრით, რა გველოდება და რა არის სინამდვილეში გასაკეთებელი.
მოგების გარანტია არ არსებობს და არც არსად არასოდეს არსებულა ასეთ ბრძოლებში, მაგრამ ჩასვრას, „ბოზ პროფესორობას“ და მუდმივად სხვებისკენ ხელის შვერას, ამის კეთება სჯობს. მოგების შანსებს მაინც გავზრდით. ეს ყველაფერი არის გარდაუვალი (ვისაც კიდევ ილუზიები დაგრჩათ და პოზიტიურ სცენარებს ელოდებით, შეგიძლიათ, კითხვა აღარ გააგრძელოთ):
რუსული რეჟიმის მმართველობა დროთა განმავლობაში გახდება გაცილებით რეპრესიული (როგორც რეგულაციების მხრივ, ისე ფიზიკური ძალადობის მხრივ);
დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში გახდება სულ უფრო პრობლემური და რაღაც მომენტში – შეუძლებელი (ისე დაგიჭერენ, გცემენ, მოგკლავენ, ინფორმაციის გამგები და ხმის ამომღები არავინ იქნება);
კრიტიკული მედიის, საწყის ეტაპზე სატელევიზიო, შემდეგ ონლაინმედიის საქმიანობა მაქსიმალურად შეიზღუდება; ეფექტური ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რეჟიმის მმართველობას, გახდება პრაქტიკულად შეუძლებელი (საფრთხეს თუ არ შეუქმნი, ილაპარაკე რამდენიც გინდა. არც არავინ შეგეხება, როგორც არ ეხებიან უკვე არსებულ ოპოზიციონერად პოზიციონირებად პარტიას თუ პოლიტ ლიდერს);
მაქსიმალურად მკაცრი რეგულირების ქვეშ მოექცევა გამოხატვის თავისუფლების, მათ შორის ქუჩის პროტესტის ყველა ფორმა (აი, ხომ გგონიათ, რომ მეტი რაღა უნდა ქნან? შორია ჯერ ფსკერამდე);
საბიუჯეტო და ნახევრად საბიუჯეტო ორგანიზაციები, სახელმწიფო კომპანიები, ისევე როგორც ბიზნესები, რომელთა საქმიანობაც დამოკიდებულია ბიუჯეტიდან თანხების მიღებაზე და/ან საქმიანობისთვის ლიცენზიის აღებაზე, სრულად გაიწმინდება კრიტიკულად განწყობილი ადამიანებისგან (რეჟიმისადმი კრიტიკულად განწოყობილი ადამიანისთვის, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას, ამ ქვეყანაში არსებობა, შემოსავლის პოვნა იქნება შეუძლებელი);
საქართველო დაკარგავს თავისუფალ ვაჭრობას ევროკავშირთან; საქართველოს მოქალაქეები დაკარგავენ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონის ქვეყნებთან; საქართველოს საბანკო სისტემა ნაბიჯ-ნაბიჯ გახდება ბელორუსული საბანკო სისტემის მსგავსი, მიბმული რუსულ საბანკო სისტემაზე და, პრაქტიკულად, ჩახსნილი SWIFT-იდან (მცირე გამონაკლისებით ან საერთოდ გამონაკლისების გარეშე);
დასავლური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ისევე როგორც ცალკეული ქვეყნები, შეაჩერებენ საქართველოს დახმარებას გრანტებით და დაბალპროცენტიანი სესხებით (ეს დაწყებულია უკვე); ქვეყნის ეკონომიკის და, შესაბამისად, მოქალაქეების მეტი წილი გახდება დამოკიდებული რუსეთსა და დსთ-ს ბაზარზე (2012 წლის მერე ისედაც ხდება ეს); რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების ნაწილი დაიწყებს ქვეყნის დატოვებას (ესეც დაწყებულია უკვე).
საბოლოო ჯამში, დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი. სულ უფრო ნაკლები! დრო ჩვენზე არ მუშაობს. ეს გზა გავლილი აქვთ სხვებს. უბრალოდ, წაკითხვა, გააზრება და სიმართლისთვის თვალებში ჩახედვაა საჭირო და არა საკუთარი უსუსურობის გასამართლებლად, სხვების გინება და უტოპიური გრძელვადიანი სცენარების ხატვა. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო გადაშენდება, მაგრამ ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ ამ დღეს მიმდინარე ბრძოლას ვაგებთ რუსეთთან და მერე უკან შემოტრიალება ბევრად ძვირი დაგვიჯდება.
რა შეიძლება, გავაკეთოთ (აქვე: აქედან და ამის მიღმაც რაღაცებს ვაკეთებთ. რაღაცებს კარგად, რაღაცებს ქაოსურად, რაღაცებს საერთოდ ვერ/არ ვაკეთებთ):
უნდა დავიწყოთ იმის გააზრებით (ოღონდ მართლა გააზრებით. ისე არა, როცა გვცემენ, რომ გვახსოვს და მეორე დღეს გვკიდია), რომ რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ვართ, ისეთში, ასეთში, მნიშვნელობა არ აქვს. ომია;
ომში ყველა დავზარალდებით. მე ისევ ისე ვიქნები, სხვებმა ირბინონ ქუჩაში, სხვები დაჯარიმდნენ, სხვები დაიჭირონ, სხვები სცემონ, სხვები შეაშინონ, აი, მე გავაგრძელებ ისევ ისე ცხოვრებას, არ გამოვა. არც მორალურია; რეჟიმი არსებობს ჩვენს ხარჯზე – ჩვენ ვიხდით გადასახადებს, რომლითაც რეჟიმი ინახავს მსახურებს, 100-ლარიანი ტიტუშკით დაწყებული, მურუსიძით დამთავრებული; რეჟიმს ჩვენ შორის საუკეთესოები ჰყავს ციხეში. ათობით. პატიმრობის წლები ელოდებათ, თუ ახლა ვმარცხდებით;
ჩვენ ვართ დიდი უმრავლესობა! დაბნეული, დაფანტული, ერთმანეთზე გადაკიდებული, მაგრამ ჯამში, მაინც უმრავლესობა. დიდი უმრავლესობა. ჯერ კიდევ რუსული რეჟიმი დგას სამ ძირითად საყრდენზე:
1. ფული (რომლითაც ფინანსდება ყველაფერი, ელიტის შენახვიდან დაწყებული, ჩვენი ცემით დამთავრებული) 2. ელიტა (პოლიტიკოსები, მოსამართლეები, პროკურორები, „ბიზნესმენები“, პოლიციელები, პროპაგანდისტები, საარჩევნო ადმინისტრაცია, ადგილობრივი ფეოდალები და სხვა) 3. მხარდამჭერები.
რეჟიმთან ბრძოლა ნიშნავს ამ საყრდენებზე შეტევას, ამ საყრდენების მოშლის მცდელობას და ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი ახლა (!) და ერთიანად (!), ვიდრე ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ბრძოლის რესურსი (რადგან დრო ჩვენზე არ მუშაობს):
რა შეიძლება ვუქნათ ფულს: უნდა შეწყდეს ყველანაირი საერთაშორისო დახმარებები და გარე სესხები (ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი). პირდაპირი დახმარებების ნაწილი უკვე შეწყვიტა რამდენიმე ქვეყანამ, მაგრამ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ინერციით აგრძელებენ ფულის მოცემას. ეს დახმარებები და იაფი სესხები მაინც შეწყდება, ოღონდ მერე უკვე გვიანი იქნება.
ახლაა გასაკეთებელი:
საჭიროა სექტორული ეკონომიკიური სანქციები (ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი). ის, რომ ვიღაც „რიჟას“ ექსპორტზე გააქვს აქედან მადნეული და მაგ გზით იღებენ ასობით მილიონს, უნდა შეწყდეს; „ქართუ ბანკი“ უნდა ჩაიხსნას ყველაფრიდან (SWIFT, Visa, MasterCard) (ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი); უნდა შეჩერდეს (არა გაუქმდეს) თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან (ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი). კიდევ შეიძლება რაღაცების მოფიქრება და ეს ყველაფერი მიღწევადია, თუ აქედან ერთი ხმით მოვითხოვთ ამ ყველაფერს.
რა შეიძლება ვუქნათ ელიტას: ყველას ვინაობის დადგენა და გასაჯაროება; ერთიანი ბაზის გაკეთება; საჯარო გაშავება; სრული ბოიკოტი რეჟიმის მსახურ ბიზნესს; იმის მიღწევა, რომ თითოეულმა მათგანმა და მათმა ოჯახის წევრებმა სამუდამოდ დაკარგონ დასავლეთის ქვეყნებში შესვლის შესაძლებლობა (სამუდამოდ!). აქაც შეიძლება კიდევ რაღაცების მოფიქრება, მაგრამ ესაა მინიმუმი, რომელიც ნაწილობრივ კეთდება ახლა (უკეთესი ვერც ვერავინ მოიფიქრა). ესეც მიღწევადია თუ აქეთ იქნება ერთიანობა და უკეთესი კოორდინაცია.
რა შეიძლება ვუქნათ მხარდამჭერებს: არ მჯერა, რომ ადამიანს, რომელმაც ნახა, როგორ აწამებს სისტემა ახალგაზრდებს და მაინც რჩება რეჟიმის ერთგულად, რამეს გავაგებინებთ. ვისაც სჯერა, შეუძლია სცადოს. ასეთი ადამიანის ქცევა რომ შეიცვალოს, მან რაღაც უნდა იგრძნოს; მისი ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუარესდეს (ფულზე პრობლემები ამას იზამს. ოღონდ ამას ყველა ვიგრძნობთ და ასეც უნდა იყოს); მან უნდა დაკარგოს ის სიკეთეები, რომლითაც ახლა სარგებლობს – შენგენის ზონასთან უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, არა გაუაქმდეს, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები და არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი. (ამასაც დავკარგავთ ცოტა ხანში, ბელორუსები ვერ დადიან ევროპაში უვიზოდ, ოღონდ მერე გვიან იქნება). აქაც შეიძლება კიდევ რაღაცების მოფიქრება და ესეც მიღწევადია, თუ აქეთ იქნება ერთიანობა და უკეთესი კოორდინაცია.
ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს აქციის და პროტესტის პარალელურად. პროტესტის გარეშე ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ, რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი. ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ახლა, ერთიანად, ვიდრე ქვეყანაში არის ბრძოლის რესურსი“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
0
0
ხატია დეკანოიძეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
10/03/2025