
ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მოდერნიზაციას - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას.
მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიზანია თანამედროვე და უსაფრთხო საგზაო ქსელის შექმნა, რისთვისაც მომდევნო წლებშიც განხორციელდება არაერთი სტრატეგიული პროექტი.
სოხაძის თქმით, იგეგმება თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომელიც ოთხ ლოტადაა დაყოფილი. სატენდერო პროცედურები მეორე და მესამე ლოტებზე დაიწყება 2025 წელს, ხოლო მეოთხე და მეხუთე ლოტებზე - 2026 წელს. სამუშაოების დაწყება დაგეგმილია 2026–2027 წლებში.
მინისტრის განცხადებით, ბათუმი–სარფის 11.3 კმ-იანი ორ ზოლიანი მაგისტრალის მშენებლობის დაწყება 2026 წელს იგეგმება. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი საზედამხედველო კომპანიის შერჩევაზე, ხოლო სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება 2025 წლის ნოემბერში. ასევე, დაგეგმილია ქობულეთის შემოვლითი გზის 31 კმ-იანი მონაკვეთის ოთხზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება, რომელიც, სავარაუდოდ, 2027 წელს დაიწყება.
როგორც სოხაძემ აღნიშნა, იგეგმება სამტრედია-ზუგდიდის 75.7 კმ-იანი მონაკვეთების დეტალური პროექტის მომზადება.
2027 წლიდან დაიწყება ბადიაური–ბაკურციხის 31.7 კმ-იანი ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, მიმდინარეობს შესაბამისი გეგმების განახლება. იგეგმება აგრეთვე გურჯაანი–თელავის 36.6 კმ-იანი და წნორი–ლაგოდეხის 40.4 კმ-იანი მონაკვეთების პროექტირება.
ჩრდილოეთის მიმართულებით, ნატახტარი–ჟინვალის 26.8 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალის, ასევე არშა–სტეფანწმინდისა და ფასანაურის შემოვლითი გზების მშენებლობა 2027 წლიდან დაიწყება.
მინისტრის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს თბილისის გასასვლელის დეტალური პროექტირება. დაგეგმილია გორამდე, მაგისტრალის 6 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური პროექტის მომზადება და თბილისის სამხრეთ შემოსავლელის მშენებლობის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
„ეს პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის სატრანსპორტო ქსელს, ხელს შეუწყობს რეგიონული კავშირების გაძლიერებას და ეკონომიკური პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
0
0