
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე გენერალური დებატების ფარგლებში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ყოველწლიური ანგარიშის ზეპირ მოხსენებასთან დაკავშირებით, 8 სექტემბერს ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა განცხადებები გააკეთეს.
ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით.
ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, რევაზ ლომინაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, რაც დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით.
ამასთან, ევროკავშირის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა: „სამწუხაროდ, ამ საბჭოში გაკეთებულ განცხადებებში, კვლავ გვხვდება საქართველოს შესახებ არასწორი ნარატივები. მსგავსი შეფასებები რეალობას ამახინჯებს, ვინაიდან სათანადოდ არ ასახავს საქართველოს მიერ მიღწეულ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროგრესს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, გამჭვირვალობა, ღია მმართველობა და კანონის უზენაესობა. საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისა და გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული კომუნიკაციის ერთგულია და მზად არის შინაარსიანი დიალოგისთვის.“
0
0