
საქართველოს პროკურატურამ რვა წამყვანი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - მათ რეჟიმის შეცვლის მხარდაჭერასა და უცხოური ძალების დახმარებაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ სტატიას Reuters-ი აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სამი მთავარი ოპოზიციური ბლოკის კიდევ შვიდი წევრი.
„ამ ნაბიჯის გადადგმა მმართველი „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობისა და პროდასავლური კურსის მიტოვების შესახებ ევროკავშირისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მზარდი შეშფოთების ფონზე მოხდა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ პროკურატურის განცხადებით, რვა პირს ბრალად საბოტაჟი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი უცხოური ინტერესების დახმარება და მთავრობის დამხობის მოწოდება ედებათ.
„კერძოდ, სამ პოლიტიკოსს ბრალად ედება „საერთაშორისო სანქციების დაწესებისთვის ხელოვნური საფუძვლის შექმნის მიზნით“ მეზობელ რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების კავშირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაუკონკრეტებელი უცხოური მთავრობებისთვის“, - აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე საქართველომ უარი განაცხადა.
0
0