06/06/2023
17:43
სამართალი
რესტორან „რეტროს“ მფლობელს, თეიმურაზ ვარშანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.
ვარშანიძეს 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ. გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. ვარშანიძეს საქმის განხილვის დასრულებამდე აეკრძალა დაზარალებულებთან კომუნიკაცია და მიახლოება.
„რეტროს“ მფლობელი ხმამაღალი ტონის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის, თუმცა ამბობს, რომ დამნაშავე არ არის.
ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.
ამასთან, რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
სახაჭაპურეში შრომითი ინსპექციაც შევიდა და რესტორანი 30 000 ლარით დააჯარიმა.
0
0