03/09/2022
12:56
მსოფლიო
მრავალი ქვეყანა ჩინეთს ადანაშაულებს უიღურებისა და სხვა მუსლიმი ეთნიკური ჯგუფების გენოციდში. უიღურთა გენოციდი დაიწყო 2017 წელს და დღემდე მიმდინარეობს.
ვინ არიან უიღურები?
უიღურები ჩინეთში მცხოვრები მუსლიმური თურქულენოვანი ეთნოსია, რომლებიც ცხოვრობენ სინძიანის პროვინციაში. იმის გამო, რომ უიღურები კულტურულად ჩინელებისგან განსხვავებულნი არიან, ყოველთვის ჰქონდათ მისწრაფება დამოუკიდებლობისკენ, რომელიც წინა საუკუნეში ტიბეტთან და სხვა ჩინეთის ექსპანსიის მსხვერპლ ქვეყნებთან ერთად დაკარგეს. უიღურები საუკუნეების განმავლობაში ებრძოდნენ დამპყრობლებს და 1949 წელს კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ ახალი დამპყრობლის უღლის ქვეშ. სინძიანის პროვინციაში მცხოვრებლების უმეტესობას რამდენიმე ათწლეულის წინ წარმოადგენდნენ უიღურები. რადგან, უიღურებს გააჩნდათ თავიანთი იდენტობა და კულტურა ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა მოეხდინა მათი ასიმილირება და ხელი შეუწყო ჩინელი ხალხების სინძიანში დასახლებას.
(ფოტოზე ნაჩვენებია სინძიანის რეგიონი)
ამ ყველაფერმა შედეგი ვერ გამოიღო და უიღურებმა მაინც შეძლეს თავიანთი კულტურის შენარჩუნება და არც დამოუკიდებლობის იდეა დაკარგეს. ათწლეულების განმავლობაში მრავალჯერ იყო დაძაბულობა სინძიანის პროვინციაში. ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა ჩინელ და უიღურ ეთნიკურ ჯგუფებს შორის. ერთ-ერთი ეთნიკური დაპირისპირების დროს საწარმოში ჩინელები და უიღურები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამის შემდეგ პროტესტის ტალღამ იფეთქა და უიღურმა მუსლიმმა ექსტრემისტებმაც დაიწყეს მოქმედება. ერთ-ერთი ტერორისტული აქტის დროს მათ გააპროტესტეს ჩინეთის კამპანიები ისლამური კულტურის წინააღმდეგ და აიყვანეს მძევლები, შენობიდან კი ჩინეთის დროშა ჩამოაგდეს. რამდენიმე წლის განმავლობაში ამგვარი პროტესტის მრავალი აქტი დაფიქსირდა.
„საკონცენტრაციო ბანაკები“ და გენოციდის დასაწყისი
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიზეზით ჩინეთის მთავრობამ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული „ხელახალი განათლების მიღების ბანაკები“ (re-education camp), რომლის მიზანიც არის ტერორიზმთან ბრძოლა. სინამდვილეში ეს ბანაკები დიდად არაფრით განსხვავდება საკონცენტრაციო ბანაკებისგან და სახელი უბრალოდ ილუზიის შექმნას ემსახურება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ბანაკებში იმყოფებოდა 3 მილიონამდე უიღური. ბანაკებში მიმდინარეობს უიღურების კულტურული თუ ფიზიკური გენოციდი. უიღურების გარდა ბანაკში ეთნიკურად განსხვავებული მუსლიმები და ქრისტიანებიც კი იმყოფებიან.
იძულებითი შრომა, სექსუალური ძალადობა, წამება, მკვლელობა, უიღურ ქალთა სტერილიზება - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რაში ადანაშაულებენ ჩინეთის მთავრობას. ამის დამამტკიცებელი მრავალი ფაქტი არსებობს. ამ ყველაფერს ბანაკიდან გამოქცეულებიც ადასტურებენ, რომელთაც ექიმებმა წამებისა და გაუპატიურების კვალი აღმოუჩინეს.
2021 წელს ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა უიღურთა გენოციდი. მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ გამოთქვა აზრი ჩინეთის მთავრობის ქმედებების შესახებ და ჩინეთი გენოციდში დაადანაშაულა.
ასევე დამტკიცდა, რომ ნახევარ მილიონზე მეტ უიღურს ბანაკებში აიძულებდნენ ბამბის კრეფას. ამის გასაპროტესტებლად დასავლურმა ბრენდებმა უარი თქვეს სინძიანში დამზადებული ბამბის შეძენაზე.
გენოციდის დაწყების შემდეგ უიღურთა რეგიონებში შობადობა 60% დაეცა. როგორც აღვნიშნე, ჩინეთს ბრალი ედება უიღურ ქალთა სტერილიზებაში, რათა მათმა ეთნიკურმა ჯგუფმა გამრავლება ვეღარ შეძლოს.
სინძიანის რეგიონში კი მიმდინარეობს მკაცრი კონტროლი. ყველგან არის დაყენებული კამერები რომელთაც შეუძლიათ სახეების იდენტიფიცირება. ყოველი მაცხოვრებელი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის აყვანილი. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩინეთს ხელს უწყობს მაქსიმალურად შეუზღუდოს თავისუფლება და აკონტროლოს უიღურთა ჯგუფები.
უიღურების ბედი ჩინეთის ხელშია. რაც უფრო მალე შეწყვეტენ გენოციდს და მიიჩნევენ რომ ტერორიზმის საფრთხე აღარ არის, უფრო მეტი შანსი იქნება უიღურთა ფიზიკური თუ კულტურული გადარჩენისა. უცხო ქვეყნები უამრავი ფაქტის მიუხედავად, ჯერჯერობით, არ იღებენ შესაბამის ზომებს.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.bbc.com/news/world-asia-china-22278037
https://www.bbc.com/news/world-asia-china-59595952
https://www.amnesty.org/en/latest/news/2018/09/china-up-to-one-million-detained/
0
0