
ჩვენი და პუტინის მოლოდინია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი რაც შეიძლება მალე, მშვიდობიანად დასრულდეს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანის თქმით, თურქეთს სურს, რუსეთსა და უკრაინას შორის რაც შეიძლება მალე დაიწყოს სამშვიდობო პროცესი და რეგიონში მშვიდობამ დაისადგუროს, რადგან ომმა არ გამოიღო დადებითი შედეგი არც რეგიონისთვის, არც მსოფლიოსთვის და არც ჩართული მხარეებისთვის.
„პუტინი კმაყოფილია ამით? არა. ის ასევე ელოდება, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მშვიდობიანად დასრულდება. ჩვენ ბატონ პუტინს ვუთხარით, რომ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობისთვის. ფაქტია, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს. და ჩვენ მზად ვართ, ყველა ღონე ვიხმაროთ ამის მისაღწევად“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის განმარტებით, თურქეთს რუსეთთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს მრავალ სფეროში, ენერგეტიკიდან დაწყებული, ვაჭრობით, ტურიზმით და ინვესტიციებით დამთავრებული.
ერდოღანმა ასევე ისაუბრა „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან“ ურთიერთობებზეც და აღნიშნა, რომ თურქეთის ორგანიზაციაში წევრობის პერსპექტივა არ ნიშნავს ბლოკიდან გასვლას ან დასავლეთისთვის ზურგის შექცევას. ერდოღანის თქმით, მთავარი მიზანია, 360-გრადუსიანი ხედვით გაიზარდოს თურქეთის გავლენა.
0
0