
არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ძმური ურთიერთობა ვერ გადალახავს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ერდოღანმა უარყო თურქეთ-აზერბაიჯანს შორის კრიზისის არსებობა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ და მტკიცე კავშირებს.
მისივე თქმით, 8 ნოემბერს აზერბაიჯანში გამარჯვების დღის აღსანიშნავად ჩასვლას გეგმავს.
„იმედი მაქვს, ამ ვიზიტის ფარგლებში საჭირო ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გვექნება“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბარი ჰქონდა აზერბაიჯანელ კოლეგასთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანში გაგზავნა დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი და საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, სატელეფონო კომუნიკაცია გრძელდებოდა როგორც ილჰამ ალიევთან, ისე – ქვეყნების პირველი პირების მეუღლეებს შორის.
„ჩვენი ურთიერთობები აზერბაიჯანთან ჩვეულებრივ დიპლომატიურ ურთიერთობებს ბევრად სცდება. ჩვენს ქვეყნებს შორის ურღვევი კავშირი ჩვენი საერთო ისტორიის, კულტურის, ბედისწერისა და ღვთის ნებით, საერთო მომავლის შედეგია“, – განაცხადა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ერდოღანის განცხადებებს წინ უძღოდა უთანხმოება აზერბაიჯანის გადაწყვეტილების გამო, აეკრძალა თავსაბურავის ტარება დაწყებით და საშუალო სკოლებში.
0
0