საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჰაერო მიმოსვლა კვლავ ფართოვდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ Red Wings ბათუმის მიმართულებით სამ ახალ რეისს იწყებს.
სოჭი-ბათუმი-სოჭის რეისის გაყიდვები ღიაა 2024 წლის 22 ივნისიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით. ფრენები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
ავიარეისები ყაზანი-ბათუმი-ყაზანი 7 ივლისიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით კვირაობით შესრულდება. გარდა ამისა, Red Wings ხსნის ფრენებს ბათუმში ბაშკორტოსტანის დედაქალაქიდან. უფა-ბათუმი-უფას რეისი ხუთშაბათობით - 2024 წლის 4 ივლისიდან 29 აგვისტოს ჩათვლით შესრულდება.
„რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ქართული კურორტები კვლავ პოპულარულია რუს ტურისტებში. ოპერატორი კომპანია TAV-Georgia-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში, ბათუმის აეროპორტში მგზავრთა მოძრაობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით გაიზარდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ახალ რეისებზე ბათუმში რუსეთის სამი ქალაქიდან იქნება მაღალი სეზონური მოთხოვნა“, - განაცხადა Red Wings-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ კომერციის საკითხებში ალექსანდრე კრუტოვმა.
ახალი მარშრუტების ამოქმედებით, Red Wings-ის პირდაპირი ფრენები ბათუმში უკვე ხელმისაწვდომია რუსეთის შვიდი ქალაქიდან.
0
0