
სტეფანჩუკმა ამის შესახებ ვიდეომიმართვა ჩაწერა და აღნიშნა, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის და ეს ის ხალხია, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოდის.
„გამარჯობა გენაცვალე! – ჩემს ქართველ კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან ყოველთვის ასე მივმართავდი. როგორ მოხდა გენაცვალე, რომ დღეს, როცა რუსეთმა თქვენი მოძმე ერის, უკრაინის წინაღმდეგ ომი გააჩაღა, თქვენ ამ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობების დაწყება გადაწყვიტეთ, რომელიც ორივეს, თქვენც და ჩვენც თავს დაგვესხა?
რუსეთის მიერ ქართულ პროდუქციაზე სანქციების შემსუბუქება შეიძლება იყოს თუ არა მადლიერების ფორმა ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილების გამო, რომელიც უკრაინას სრულ მხარდაჭერას არ უცხადებს? რძის მწარმოებელი 15 ქართული კომპანიისთვის შეზღუდვების მოხსნა ღირს ჩვენს ათასწლოვან მეგობრობად, ჩვენს ერთობლივ მრავალწლიანი ბრძოლად, ჩვენს ორმხრივ მისწრაფებებად?
ვერ ხედავთ, რომ ქუჩაში გამოსული ქართველი ხალხი მხარს უკრაინას უჭერს და არა თქვენს ბუნდოვან შეთანხმებებს? დაგავიწყდათ დიდი შოთა რუსთაველის სიტყვები – მტრებს შორის უარესი ის არის, ვინც მეგობარივით გექცევა? მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ საქართველო მხოლოდ მისი მთავრობა არ არის. პირველ რიგში საქართველო ამაყი, უშიშარი და თავისუფლების მოყვარული ხალხი… ხალხი, რომელიც არასდროს გაჩუმდება, როცა მათი ძმები საფრთხეში არიან.
და თქვენ პატივცემულო პარლამენტარებო, არ უნდა გაჩუმდეთ, რადგან ხალხის ნაწილი ხართ“, – ამბობს სტეფანჩუკი.
რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახურმა (როსსელხოზნადზორი/Россельхознадзор) განაცხადა, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავდა“.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, 2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთან, „რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში“.
სააგენტოს თანახმად, ისინი ბაზრის დივერსიფიკაციის მიზნით, არაერთ ქვეყანასთან ახორიცელებენ მოლაპარაკებებს ცხოველური პროდუქტების ექსპორტის შესახებ.
0
0