
მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი - მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, ის ამბობს, რომ არ ახსოვს, თორნიკე რიჟვაძის დეკლარაცია მოხვდა თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში.
რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში ანტიკორუფციულმა ბიურომ დარღვევები გამოავლინა.
„მონიტორინგი გაიარა ყველამ: გრიგოლ ლილუაშვილმაც, ვახტანგ გომელაურმაც, ირაკლი ღარიბაშვილმაც. ყოველწლიურად გადის ეს ხალხი მონიტორინგს. არანაირი დარღვევები გამოვლენილი არ არის. მათ დეკლარაცია სრულიად მოდის თანხვედრაში...
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს - არ მოხვედრილა მონიტორინგში.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს - თუ მოხვდებოდა ბატონი თორნიკეს დეკლარაცია ანტიკორუფციული ბიუროს მონიტორინგში, შესწავლილი იქნება. ასე ზეპირად არ მახსოვს ყველას დეკლარაცია“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
ამასთან, მან „ქართულ ოცნებაში" კორუფციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ იცის, ვინ იგულისხმა ირაკლი კობახიძემ.
„ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ის, რაზეც მას აქვს კომპეტენტური უწყებებისგან შესაბამისი ინფორმაცია. მე მეტის თქმის საშუალება არ მაქვს. ჩვენი ანგარიშები ყველასათვის ხელმისაწვდომია, მათ შორის, სახელმწიფო თანამდებობის პირებისთვის და სახელმწიფო უწყებებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის შესახებ ანგარიშები ყოველწლიურად ქვეყნდება და ჩვენი მიგნებები, გამოვლენები, მათ შორის, პოლიტიკური კორუფცია, ხვდება იქ," - განაცხადა კუპრაშვილმა.
0
0