
რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიძინა ივნიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში არ იძებნება? - ივანიშვილი ოფიციალურ მილიარდერთა რიგებიდან გააძევეს, რადგან მისი ქონება არ იძებნება, ვერ ხდება მისი იდენტიფიცირება! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე წერს.
გოცირიძის აზრით, ივანიშვილმა საკუთარი აქტივები სხვებზე გადააფორმა და საქველმოქმედო ფონდში გადამალა.
მისივე შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი ყველაზე გაუმჭვირვალე ბიზნესმენია მსოფლიოში, არის არასაიმედო პირი და მისი ადგილი არაფორმალურ საძმოშიც კი არ არის.
“ის, რომ ივანიშვილი“ბლუმბერგის“ მილიარდელთა სიიდან ამოღებულია, თავად ივანიშვილისთვის არის სამარცხვინო და დამამცირებელი. ის ბიზნეს სამყაროსთვის მიუღებელ და ტოქსიკურ ადამიანად იქცევა, ვინაიდან, არის ადამიანი, რომლის ქონების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
სანქციების შიშით საკუთარი აქტივების ცოლზე და შვილებზე გადაფორმება მასობრივად დაიწყო. რაც ყველაზე მთავარია, ფონდი “ქართუ“ საქველმოქმედო ორგანიზაციად გადააკეთა. სინამდვილში კი, ფონდი არის მისი ბიზნესსტრუქტურა. მაგალითად, “ქართუ“ ბანკის 100%-იანი მეწილე არის “ქართუ“ ფონდი, ისევე როგორც გარანტად უდგება სესხებში ივანიშვილს. მაგალითად, ივანიშვილს “საქართველოს ბანკიდან“ აღებული აქვს სესხი, რათა “ჰაიდელბერგის“ წილი გამოესყიდა - მან და რუხაძემ ეს გერმანული კომპანია პრაქტიკულად საქართველოდ გააგდეს. 200 - მილიონიან სესხს გარანტად “ქართუ“ დაუდგა.
ივანიშვილი, როგორც ყველაზე არაგამჭირვალე ადამიანი ამ 500 კაციანი სიიდან გაგდებულია, ანუ არის ინკოგნიტო პიროვნება, რომელიც მთელს მსოფლიოში, მათ შორის ოფშორებში ქონებას მალავს და რომლის ქონების იდენტიფიცირება არის შეუძლებელი. რუსი ბიზნესმენებიც კი ასეთ სამარცხვინო მდგომარეობაში არ არიან!
რა თქმა უნდა, ეს მის რეპუტაციას ძალიან დააზიანებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არასდროს არავინ არც მასთან, არც მის ოჯახთან და არც მის კომპანიებთან რაიმე სახის ურთიერთობას არ დაიჭერს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
პარტია “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში აღარ იძებნება.
Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში 500 მსხვილი ბიზნესმენია წარმოდგენილი. მათგან ყველაზე “ღარიბის“ ქონება 6.32 მილიარდი დოლარია, ყველაზე მდიდრის კი 335 მილიარდი დოლარი.
რაც შეეხება Forbes-ს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი 1 373-ე ადგილზეა. Forbes-ი ივანიშვილის ქონებას 2.7 მილიარდ დოლარად აფასებს.
0
0