18/11/2022
21:44
მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,18 ნოემბერს სატელეფონო საუბარი ჯერ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა.
განხილვის თემა მარცვლეულის გარიგება იყო.
მოსკოვთან და კიევთან სატელეფონო ზარების განხორციელების წინა დღეს, ერდოღანმა თავის ტელეგრამ-არხზე განაცხადა, რომ მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმება 2022 წლის 19 ნოემბრიდან, 120 დღით გახანგრძლივდა.
18 ნოემბერს, კრემლის პრესსამსახურმა ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბრების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე ასპექტები დეტალურად განიხილეს .
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ოქტომბერში წამოყენებულ და ერდოღანის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას თურქეთში გაზის უმსხილესი ჰაბის შექმნის შესახებ, მსოფლიო ბაზარზე რუსული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნის გათვალისწინებით, პუტინმა და ერდოღანმა ამ შეთანხმების ყოვლისმომცველი და სრული განხორციელების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს", - იუწყება კრემლი.
მოსკოვთან საუბრის შემდეგ ერდოღანმა კიევს დაურეკა. პრეზიდენტი ზელენსკი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებას მიესალმა.
„გმადლობთ ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. უკრაინა სურსათის მიწოდების სტაბილურობის გარანტი იქნება“, - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს, G20-ის სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელება განუსაზღვრელი ვადით სურს.
0
0