
“ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საპატიმროდან წერილს ავრცელებს და თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გამოსახლებას ეხმაურება.
როგორც ხაზარაძე წერს, ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან.
“ის, რაც თვალჭრელიძის ქუჩაზე ხდება, არც სახელმწიფოებრივია, არც ადამიანური!
მე პატივს ვცემ საკუთრების უფლებას და მის უპირობო დაცვას, თუმცა ბიზნესში არსებობს გაუთვალისწინებელი რისკები, ასეთი კი ბევრი შეიძლება იყოს დღევანდელ უსამართლო მოცემულობაში.
ერთ კონკრეტულ მაგალითს მოგიყვებით ჩემი გამოცდილებიდან. 2007 წელს აუქციონზე, რომელიც სახელმწიფომ გამოაცხადა, თბილისის ცენტრალური სადგურის მართვის 49-წლიანი უფლება მოვიგეთ. სანამ ხელშეკრულების გაფორმების ყველა პროცედურა დამთავრდა, აღმოვაჩინეთ, რომ იქ მყოფ დევნილებს, რომლებიც უბინაობის გამო ამ შენობას აფარებდნენ თავს, კიდევ უამრავი დამატებოდა. მდგომარეობა გასაგები იყო - ამ ოჯახებს არ ჰქონდათ არანაირი თავშესაფარი.
ჩვენმა კომპანიამ (GRDC), რომელშიც ბევრი ევროპელი ინვესტორიც გვყავდა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ხარჯით 100 ოჯახი ბინით დაგვეკმაყოფილებინა, რაც სრულად შევასრულეთ. ვინც შეთავაზებულ ბინაზე უარი განაცხადეს, ის ოჯახები შესაბამისი თანხით გავისტუმრეთ. ეს იყო ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა - შეგვემსუბუქებინა ჩვენი თანამემამულეების გასაჭირი.
არავის ჭკუას არ ვასწავლი, უბრალოდ მგონია, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანებად უნდა დავრჩეთ და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი.
ჩვენი ქვეყნის და ყველა ხელისუფლების სირცხვილია, რომ 35 წლის შემდეგ ჩვენი დევნილები კიდევ უსახლკაროდ არიან!” - წერია მამუკა ხაზარაძის წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გავრცელდა.
0
0