
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა ჟენევაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეკითხვას სოფელ კირბალში მცხოვრები თამაზ გინტურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უპასუხა, რომ ტერმინ „მკვლელობის“ გამოყენებას არასწორად მიიჩნევს.
„საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმე ადამიანის მოკვლას აპირებს. საქმე ისაა, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანმა, არამედ სხვა პირებმაც უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი. ამავდროულად, ისინი არ იყვნენ სრულიად ადეკვატურ მდგომარეობაში, ცულის დახმარებით (და ეს არის სერიოზული იარაღი) ტაძარში შესვლას ცდილობდნენ და როდესაც წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, დაიწყეს მუქარა ჩვენი მესაზღვრეებისადმი. არა მარტო ჩვენს, (არამედ) ნებისმიერ სასაზღვრო სამსახურში მოქმედი მითითებების სრული დაცვით, ამ ადამიანების ყურადღება მიპყრობილი იქნებოდა ამ ქმედებების უკანონობაზე, მათ მოუწოდეს შეეწყვიტათ მსგავსი ქმედებები. ამის ნაცვლად ხალხი ემუქრებოდა ჩვენი მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცდილობდნენ მათთვის გადაევლოთ იმ მანქანებით, რომლებითაც ამ ადამიანებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი. ამის შემდეგ მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა ჯერ ჰაერში, როგორც საჭირო იყო, შემდეგ კი ბორბლებზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
კითხვაზე, დაისჯებიან თუ არა მკვლელობის ჩამდენი რუსი მესაზღვრეები, გალუზინმა უპასუხა: „რატომ უნდა დაისაჯოს, თუ მესაზღვრეები მოქმედებდნენ იმ მითითებების შესაბამისად, რაც მათ აქვთ? და ასე მუშაობს ნებისმიერი სასაზღვრო სამსახური. ამის ინტერპრეტაცია, როგორც „მკვლელობა“, სულ მცირე, უკანონოა“.
გალუზინმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში ასევე მიუთითა საქართველოს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე.
შეგახსენებთ, რომ გინტური რუსმა სამხედროებმა 6 ნოემბერს სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიასთან მოკლეს.
0
0