
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღები ჯგუფისთვის, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძისა და ოპერატორ თედო ქვაჩახიასთვის პარლამენტში აკრედიტაციის შეჩერებას.
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარლამენტი მედიის წარმომადგენლებს დისკრიმინაციულიად აკრედიტაციას უჩერებს. საქართველოს პარლამენტი, ნაცვლად საჯაროობისა და ქვეყანაში პლურალიზმის უზრუნველყოფისა, ახორციელებს მედიის წინააღმდეგ სისტემურ სადამსჯელო ღონისძიებებს". – ნათქვამია მედიაკოალიციის განცხადებაში.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ქართულ ოცნებას, პატივი სცეს და დაიცვას მედიის თავისუფლება, ამასთან აღადგინონ ჟურნალისტების შეჩერებული სამუშაო აკრედიტაცია.
“ფორმულას” ცნობით, პარლამენტმა ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძესა და ოპერატორ თედო ქვაჩახიას მმართველი პარტიის წევრი ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა.
აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით თავად დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა.
ცნობისთვის: “არ ვეწერები თქვენს არხს, იმიტომ რომ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავთ და არც გრცხვენიათ” - ამის შესახებ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს განუცხადა.
0
0