08/11/2022
12:42
მსოფლიო
რატომ კარგავენ დემოკრატები საკუთარ პოზიციებს?
ახლა დემოკრატები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან: ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი 8,2%-ს აღწევს, სექტემბრის მდგომარეობით, ენერგეტიკული ფასების წლიური ზრდა 19,8%-ია, ხოლო სურსათზე - 11,2%. ეს რიცხვები 2022 წლის ზაფხულის პიკებზე დაბალია, მაგრამ უფრო მაღალი, ვიდრე თავდაპირველი პროგნოზები.
ამავე დროს, ბაიდენით უკმაყოფილების დონეც მაღალია: მოსახლეობის 55% მის კურსს მხარს არ უჭერს, 40% მომხრეა, - Reuters-ის 2 ნოემბრის მონაცემებით.
თავის მხრივ, The Economist-ი იხსენებს, რომ ბაიდენის დროს დემოკრატებმა კონგრესის მეშვეობით რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის წამოწევა შეძლეს, მათ შორის აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ამბიციური კლიმატის კანონი.
ამ ინიციატივამ და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ ქალთა აბორტის უფლების გაუქმებაზე, რომლის შეცვლასაც ბაიდენი დაჰპირდა, დემოკრატებს საშუალება მისცა იმედი ჰქონოდათ, რომ ისინი, შემოდგომის დასაწყისში, კონგრესის ხელში ჩაგდებას შეძლებდნენ. მაგრამ შუალედური არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამომრჩეველთა ყურადღება ეკონომიკურ საკითხებზე გადაერთო.
The New York Times-ი სიენას კოლეჯის გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს, რომ ამომრჩეველთა 44%-ის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემებია. ივლისში ამის შესახებ გამოკითხულთა მხოლოდ 36%-მა ისაუბრა.
Reuters/Ipsos-ის ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა მესამედი ეკონომიკას ნომერ პირველ პრობლემად მიიჩნევს. რესპუბლიკურმა პარტიამ ამერიკელთა განწყობა დროულად შენიშნა და მისმა კანდიდატებმა ყურადღება სწორედ ეკონომიკურ ასპექტებზე გაამახვილეს. ამან ის ფაქტი განაპირობა, რომ უკვე სექტემბერში დემოკრატებმა წინასაარჩევნო პროგნოზებში უპირატესობა დაკარგეს.
0
0