25/05/2023
11:40
პოლიტიკა
რატომ არ არის წელს 26 მაისისთვის, პარლამენტის შენობაზე განთავსებულ ბანერებზე ევროკავშირის დროშა - მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება, რის გარშემოც იშლება კამპანია, სლოგანი, მისალოცი რგოლი, ქალაქის გაფორმება.
"წელს 26 მაისის გზავნილია "თავისუფლების სიყვარულით", ამიტომ დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო "ევროპისკენ", 2018 წელს საქართველომ დამოუკიდებლობის 100 წელი იზეიმა, 2017 წელი რუსთაველის 850 წლის იუბილეს მიეძღვნა თემით "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" და შესაბამისად, ამ თემების ფარგლებში, სლოგანიდან გამომდინარე მოხდა ქალაქის გაფორმებაც და მისალოცი ვიდეო რგოლების შინაარსის შერჩევა - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თემატურად წელს საქართველოს დროშა შეირჩა.
"მრავალი წელია, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება, დღესასწაულად გადაიქცა, იმ წლებიდან მოყოლებული ყოველ წელიწადს აქვს დამატებითი თემა. იყო წელი, როდესაც ჩვენ აღვნიშნავდით შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და მაშინ არა თუ ევროკავშირის დროშა, საქართველოს დროშაც კი არ იყო გამოფენილი, მხოლოდ და მხოლოდ ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებით გახლდათ ადმინისტრაციული შენობები. აღვნიშნეთ 2018 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, მაშინ ძირითადი თემა გახლდათ დამოუკიდებლობის აქტი და ა.შ. წინა წელს გახლდათ თემა ევროპისკენ, როდესაც განაცხადი გაკეთდა სწორედ კანდიდატობაზე.
რაც შეეხება წლევანდელ წელს, რადგან გვაქვს თემა თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული, საქართველოს დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ იმ არაჩვეულებრივი ეროვნული სიმბოლიკით, რომლითაც საოცრად გამოიყურება როგორც დედაქალაქი, ასევე მუნიციპალიტეტები," - აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე.
კრიტიკული გზავნილები ოპოზიციის ნაწილს აქვს, მათ პროტესტი გამოხატეს იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღის გაფორმებაში წელს აღარ ფიგურირებს ევროკავშირის დროშა.
0
0