24/06/2022
16:34
პოლიტიკა
მინდა ყველას მოვუწოდო - არ დაგაბნიოთ ხელისუფლების რუსული მეთოდების პიარ სტატეგიამ - დღეს თქვენ უსინდისოდ გატყუებენ, რათა სახლში დარჩეთ! - ამ განცხადებით დეპუტატი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრის ბრიფინგს გამოეხმაურა.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, დღეს მოსახლეობამ ძალიან ხმამაღლა უნდა უთხრას მთავრობას, რომ ტყუილები და ხალხის აბუჩად აგდება კმარა!
სამადაშვილის თქმით, საქართველომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილისა და "მისი პატრონის" ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა დაკარგა.
"პრემიერ-მინისტრისგან ბევრი სიცრუე მოვისმინეთ. მარტივი სიმართლე არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. ვერ მიიღო ძალიან კონკრეტული მიზეზებით, რაც ჩამოთვლილია 12 პუნქტში, რომელიც ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა. მოთხოვნებში ჩაწერილია კონკრეტული რეფორმები მართლმსაჯულების, კორუფციის, დეოლიგარქიზაციის მიმათულებით, რაც ხელისუფლებას დიდი ხნის წინ უნდა განეხორციელებინა, მაგრამ არ გააკეთა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ იგნორირება გაუკეთა მთავარ პრობლემას, რომელიც არის იდენტიფიცირებული ევროპაში როგორც მთავარი დაბრკოლება სტატუსის მისაღებად - ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის მმართველობა.
ერთადერთი, რასაც დღეს საზოგადოება ღარიბაშვილისგან ელოდა იყო განცხადება გადადგომის შესახებ, რადგან როდესაც ქვეყანა ასეთ ისტორიულ მარცხს განიცდის, ერთადერთი სწორი პასუხი არის განცხადების დაწერა გადადგომაზე.
ღარიბაშვილისა და ივანიშვილის დამსახურებით ქვეყანამ ისტორიული შესაძლებლობა დაკარგა და ვითომ კონსტრუქციული ტონით საზოგადოების მოტყუებას ცდილობდა.
გვახსოვს ხელისუფლება, რომელმაც შარლ მიშელის შეთანხმებას მოაწერა ხელი და შემდეგ გადახია. გვახსოვს, როცა ქუჩაში უამრავი ადამიანი გამოვიდა, შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებზე და მერე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო. დღეს ღარიბაშვილის ამოცაანაა, რომ ძალიან სამართლიანად გაბრაზებულმა მოქალაქეებმა სათქმელი არ თქვან თბილისის ქუჩებში", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0