
მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, რომლებმაც დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ სახაროვის პრემია ორ დაპატიმრებულ ჟურნალისტს გადაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის ციხეებს შორის მანძილი 2 000 კილომეტრზე მეტია, მათ თავისუფლებისთვის ბრძოლა აერთიანებთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიული კრიზისის თემაზე დებატების დროს განაცხადა.
„როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? შეიძლება, ეს ჩვენს ქვეყნებშიც მოხდეს? როგორც ბელარუსში, ასევე საქართველოში, ყველაფერი დემოკრატიული არჩევნებით დაიწყო. დასაწყისი მედიის ჩახშობა იყო. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ამ ერების გზა იმ დღემდე, როდესაც ჟურნალისტები ციხეში აღმოჩნდნენ, რადგან ჩვენი დემოკრატიებიც თავდასხმის ქვეშ არიან. სახაროვის პრემია ეკუთვნოდა ყველა დაპატიმრებულს, რომლებიც ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში იტანჯებიან, ჩვენ მათ ევროპარლამენტიდან მკაფიო გზავნილს ვუგზავნით. თქვენ მარტო არ ხართ. ჩვენ გხედავთ, გვესმის და ვცდილობთ, დაგეხმაროთ. ევროპარლამენტში ბევრი მეგობარი გყავთ, თუმცა საქართველოში ვითარება უარესდება“, – აღნიშნა რასა იუკნევიჩიენემ.
ამასთან, ევროპარლამენტარმა ისაუბრა „ბიბისის“ ფილმთან დაკავშირებით და ევროკომისიასა და ევროსაბჭოს მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების დასაწყებად.
„მინდა, თქვენი ყურადღება „ბიბისის“ ბოლოდროინდელ გამოძიებაზე გავამახვილო. რომელშიც ვლინდება, რომ 2024 წელს საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ქიმიკატები წყლის ჭავლში იყო შერეული. ეს უნდა გამოიძიონ და გამოაშკარავდეს. მოვუწოდებ კომისიას და საბჭოს, რეაგირება მოახდინონ საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების დასაწყებად. ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ სიმართლისა და სასჯელის. ეს აჩვენებს, რომ „ბიბისის“ გამოვლენილი ფაქტები სავარაუდოდ სიმართლეა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მებრძოლ ქართველ ხალხს, რადგან საქართველო ევროპაა“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
0
0