
საქართველო არის კრემლის უდიდესი გამარჯვება, რადგან რუსეთს ქვეყანა შიგნიდან აქვს მისაკუთრებული, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის თემაც „მზია ამაღლობელის და პროდემოკრატული მოძრაობის“ მხარდაჭერა საქართველოში“ იყო.
იუკნევიჩიენეს თქმით, ევროპარლამენტში არაერთი ანგარიში და რეზოლუცია იყო მიღებული საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მომდევნო გადასადგმელი ნაბიჯების შესახებაც, თუმცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ინსტიტუტების მხარდაჭერა სუსტი იყო.
„მე უნდა ვიყო სამართლიანი და ღია. უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერა მებრძოლი ქართველებისადმი იყო იმაზე სუსტი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით. პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციები არასდროს დაწესებულა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა. ბიძინა ივანიშვილი კვლავ არის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი საფრანგეთში და ის ამ ქვეყნის მოქალაქეა. სწორედ ეს არის ის კაცი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ყველა ტრაგედიის უკან დგას. რუსული „სპუტნიკის“ მსგავსი მედია ისევ მუშაობს ევროკავშირის ინსტიტუტებში“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ამასთან, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტში არავის სურს ქართველების დასჯა, მაგრამ უვიზო რეჟიმს აქვს სპეციალიზებული ჩარჩო და კრიტერიუმები, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა დაიცვას.
„ამის შეფასება ხდება თითოეული ქვეყნისთვის და ჩვენ აქ მყოფები ვთანხმდებით, რომ ის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ვინც არიან რეჟიმის მარიონეტები და თავად რეჟიმს წარმოადგენენ, არ უნდა სარგებლობდნენ უვიზო რეჟიმისთ, როგორც ამას ისინი ამ დრომდე აკეთებენ“, – განაცხადა იუკნევიჩიენემ.
0
0
პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
14/10/2025