
ევრონესტის ისტორიაში პირველად, ოფიციალურ შეხვედრებზე აქ ქართველები არ გვყავს, ეს ასამბლეა არის პლატფორმა არა მხოლოდ სიტუაციის შესაფასებლად, არამედ ერთმანეთის დასახმარებლად ერთსა და იმავე ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად, ამ ბოროტების სახელია კოლონიური იმპერიალისტური რუსეთის ფედერაცია, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიაჩიენემ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 სესიაზე, პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულია იმით, რომ სომხეთში, ბოლო დროს, პოზიტიური მოვლენები განვითარდა, მათ შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ისტორიული ფაქტით.
„მაგრამ მეორე მხრივ, გვყავს საქართველო. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენს ანგარიშებში იმის წაკითხვა, თუ რა ხდება ადგილზე. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ასეთი შეფასებების წაკითხვა ქვეყნის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წამყვანი ქვეყანა იყო რეფორმებით და ყველაფრით, რასაც ვხედავდით. რა თქმა უნდა, არა მგონია, რომ ეს სამუდამოდ ასე იყოს და ჩვენს მომავალ ანგარიშებში პუნქტები არ შეიცვალოს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
0
0