26/04/2024
12:14
პოლიტიკა
იბადება კითხვა, რომელსაც ყოველ წუთს ნებისმიერ „ქოცთან“ უნდა ვსვამდეთ: რას ვიღებთ სანაცვლოდ, როდესაც ამდენ რამეს ვკარგავთ ამ უაზრო კანონით? ან რა ღირებულება დევს ამ ე.წ. NGO-ების გამჭვირვალობაში ისეთი, რომლის საფასურადაც ქვეყნის თანამდებობის პირები უნდა დასანქცირდნენ, ხალხმა უნდა დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია და არ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ხვიჩია აღნიშნავს, არ იცის ევროპარლამენტის რეზოლუციის პუნქტები აღსრულდება თუ არა, მაგრამ "იქ რომ ის საკითხებია მოხვედრილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას არაფერში აწყობს და არც არაფერში სჭირდება, ცხადია".
"ჩემი აზრით, შეუძლებელია ახლა ზუსტად ვთქვათ, ჩვენ ვიზალიბერალიზაციას ჩამოგვართმევენ თუ არა, მაგრამ რაც ნამდვილად შეგიძლია ვთქვათ, არის ის კითხვები, თუ რატომ აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ამას? რატომ აყენებს კითხვის ნიშნის და დარტყმის ქვეშ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ევროპასთან ურთიერთობას და ვიზალიბერალიზაციას? ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მკაფიო მესიჯი ზოგადად, ქართველ ხალხთან დამოკიდებულების. ის ჯერ ამაყობდა, რომ ვიზალიბერალიზაცია მოუტანა ქვეყანას და ახლა რისკავს იმით, რომ საკუთარი უგუნური გადაწყვეტილების გამო, შეიძლება, ქართველმა ხალხმა დაკარგოს ევროპასთან უვიზო მიმოსვლა. ამის გარისკვის საჭიროება რატომ დგას? რა პრინციპს ვიცავთ ამით? თუ რატომ არის ეს ევროპისკენ სვლა, თუ ასეთი ნაბიჯების შედეგად შეიძლება ვიზალიბერალიზაცია დავკარგოთ, წარმოდგენა არ მაქვს. რა დგას მეორე მხარეს ისეთი, რომ ამას ასე ძალიან ვიცავთ, მე უბრალოდ არ მესმის," - განაცხადა ხვიჩიამ.
0
0