
აჭარის ყოფილი ლიდერი, 84 წლის ასლან აბაშიძე მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით იძებნება, მოსკოვში დაასაქმეს. ინფორმაციას fortuna.ge ავრცელებს.
ის საცხოვრებელი ადგილის მესაკუთრეთა ამხანაგობას ჩაუდგა სათავეში. რუსული მედიის ინფორმაციით, ამხანაგობას, რომელსაც ასლან აბაშიძე უხელმძღვანელებს „ლეგენდა“ ჰქვია. ორგანიზაციის ოფისი ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.
ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის.
აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება.
აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა რიცხვი, რომელიც მსოფლიოში წითელი ცირკულარით იძებნება, სულ 28 ადამიანია.
ასლან აბაშიძე საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.
2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალველობაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.
აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრებაც ხშირად მოექცა მედიის ყურადღების ქვეშ. მან საყვარელ ქალზე 2019 წელს იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.
აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია და ამჟამად 49 წლისაა.
ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.
წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი ალექსანდრე შეეძინა.
ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.
0
0