
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე მიმდინარე სხდომაზე გამოიკითხა პირი, რომელმაც თავდამსხმელი „საქართველოს ბანკის“ ფილიალამდე მიიყვანა.
მოწმე დავით მატუამ სასამართლოს უთხრა, რომ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, ნიღბიანი პირი გზაზე გადაუდგა და მანქანის გაჩერება მოსთხოვა.
მისივე თქმით, შეიარაღებული მამაკაცი ბანკთან ჩამოვიდა და მაშინვე ცეცხლი გახსნა.
„ახალ სოფლიდან ზუგდიდის მიმართულებით ვმოძრაობდი მანქანით, მდინარე ჯუმის ხიდამდე სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა პიროვნებამ გამაჩერა, წინ გადამიდგა, შავი ფერის ნიღაბი ეკეთა, თვალები შავად ჰქონდა შეღებილი, ხელში ავტომატის ტიპის იარაღი ეჭირა, ჩამიჯდა მანქანაში მითხრა გზას უყურეო. როცა მანქანაში ჩავისვი, ვიფიქრე, თანამშრომელია და ოპერაციაზე მიდის-მეთქი. მიმითითა, რომ რუსთაველის ქუჩით წავსულიყავი, მერე ბანკისკენ მიმითითა, კართან მიმაყვანინა მანქანა, გადმოვიდა, ვნახე , რომ ხელში ხელყუმბარა ეკავა, მანქანიდან გადასვლისთანავე რამდენჯერმე გაისროლა. მე სამსახურში წავედი და ხელმძღვანელს ვუთხარი ყაჩაღი მივიყვანე ბანკში-მეთქი”, - აღნიშნა დავით მატუამ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს.
0
0