02/01/2025
22:42
სპორტი
ევროპული საინფორმაციო საშუალებები უკვე დარწმუნებით წერენ, რომ უახლოეს დღეებში, შეიძლება საათებშიც კი, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
საქართველოს ნაკრების შემტევს "პანტენოპეისთან" დღემდე მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლის ივნისის ბოლოს ეწურება, ახალი კი 2029 წლამდე იქნება გათვლილი.
ახალი კონტრაქტის მნიშვნელოვანი ნაწილია ხვიჩას ანაზღაურება, რომელიც სერია A-ს 2022/23 წლების საუკეთესო ფეხბურთელისა და სკუდეტოს ერთ-ერთი მთავარი შემომქმედის კვალობაზე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა.
როგორც "კორიერე დელო სპორტი" წერს, კვარაცხელიას ხელფასი 4-ჯერ გაიზრდება და 6 მილიონ ევროს მიაღწევს. იქვე მითითებულია, რომ ამ გადაწყვეტილებით თამაშიდან გადის "ბარსელონა", რომლისთვისაც, როგორც ესპანური გამოცემები წერენ, ქართველი გარემარბი "მთავარი სამიზნე" იყო.
თუმცა კონტრაქტის 2029 წლამდე გაგრძელება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კვარაცხელია მაინცდამაინც მის ამოწურვამდე დარჩება "ნაპოლიში".
უბრალოდ, მხარეებმა წერტილი დაუსვეს გაურკვევლობას (რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით კარგია თავად ხვიჩასთვის), სხვაგან გადასვლა კი მომავალშიც იქნება შესაძლებელი, თუკი ამას რომელიმე გრანდი მოისურვებს.
ეს აწყობს "ნაპოლისაც", რომელიც მაღალხელფასიან და მყარი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელს უფრო სარფიანად, შესაბამისი კომპენსაციით გაყიდის.
როგორც ჩანს, ახალ ხელშეკრულებაში მითითებული არ იქნება გამოსასყიდი თანხა, რაც იტალიური მხარის დაჟინებული მოთხოვნა იყო, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი ბოლოს მაინც წავიდა დათმობაზე.
0
0