
რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა აღნიშნა, მათ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.
ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, მომავალი კვირიდან ბიურო განაახლებს საინფორმაციო შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მოგეხსენებათ, ანტიკორუფციული ბიურო, კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ აღსრულების მიზნით სათანადო ღონისძიებებს. ასევე, ვახორციელებთ გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების, ასევე მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგს. კანონის უზენაესობის და აღსრულების პროცესში, ბიურო უფლებამოსილია, გამოითხოვოს საჭირო ფინანსური და სამართლებრივი დოკუმენტაცია. დღის განმავლობაში, რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას მივაწოდო სრულყოფილი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია, არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართულია მხოლოდ გრანტის მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ. ამ პროცესში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული, თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.
მიგვაჩნია, რომ არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციათა გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენი მიზანია, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პოლიტიკური აქტორების ფუნქციონირების შესახებ, რათა საზოგადოებას გააჩნდეს ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა.
აქვე ვადასტურებთ, რომ ბიუროს საქმიანობა არის ღია, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოგვმართოს თანამშრომლობისთვის და ამის მაგალითი იყო ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა, მოსახლეობის და დაინტერესებული პირების ინფორმირებას „ფარას“ კანონთან დაკავშირებით. ვინაიდან მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია უკვე სცდება საქართველოს ფარგლებს და მიზნად ისახავს ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამიერიდან ბიუროს უშუალო კომუნიკაცია ექნება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აკრედიტებულ საელჩოებთან. მათ მიეწოდებათ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არაკეთილსინდისიერ მხარეს არ მიეცეს მიმდინარე სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციის შესაძლებლობა.
ბიურო გამოიყენებს ყველა საინფორმაციო პლატფორმას, რათა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია. მომავალი კვირიდან, ამ მიზნით, ბიურო განაახლებს საინფორმაციო შეხვედრებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ბოლოს, მინდა, განვაცხადო, რომ ამ წლების განმავლობაში, საქართველოში, საერთაშორისო დონორი და კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ უამრავი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სამწუხაროა, რომ ამ კეთილ საქმეებს ამოფარებული ზოგიერთი მდიდარი NGO სექტორის წარმომადგენელი ცდილობს, თავი აარიდოს გამჭვირვალობას და განახორციელოს არადეკლარირებული პოლიტიკური საქმიანობა. ბიუროს მიზანი კვლავაც იქნება, ვამხილოთ ეს მცდელობა და საზოგადოებას მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
0
0