16/12/2022
09:05
მსოფლიო
რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ილონ მასკის შესახებ წერდა, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
დაბლოკილებს შორის არიან „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები.
როგორც „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება.
როგორც „ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოში განაცხადეს, ახალი წესები რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა და „ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გავრცელებას კრძალავს.
„ტვიტერში“ განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ „ტვიტერმა“ დაბლოკა ერთ-ერთი ანგარიში, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით სოციალური ქსელის მფლობელის, ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის გადაადგილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა.
თავად მილიარდერმა განაცხადა, რომ ამ ანგარიშის მფლობელს, 20 წლის ჯეკ სვინის სასამართლოში უჩივლებს.
0
0