
რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართავენ, გამოიყენონ მანდატი და განიხილონ ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართულ მასშტაბურ აქციებთან დაკავშირებით.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.
„ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივად მივმართეთ გაერო-ს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და მასების კონტროლის ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებელი ან არაიდენტიფიცირებელი ტოქსიკური და ექსპერიმენტული ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები.
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები – სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. რაც მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები ან/და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს. სუს-ის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა “დასკვნამ” პასუხების ნაცვლად შეკითხვები და ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი. სუს-მა დაადასტურა, რომ შსს-ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა, გამოიყენა თუ არა აღნიშული ქიმიური ნივთიერება შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში?“,- განაცხადეს ბრიფინგზე.
მათივე თქმით, „გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა“.
„ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდეთ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, მივმართეთ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში. ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება იცოდნენ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება. ამასთან, მივესალმებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის საქართველოს საკითხზე მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივას, რომლითაც მათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს შეისწავლოს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს იმოქმედონ მყისიერად და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები დაზარალებულების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ – „საფარი“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „საქართველოს ევროპული ორბიტა“, პრევენცია პროგრესისთვის“ (PFP); „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული“, „ცენტრი“ (GCRT); „დემოკრატიის მცველები“; „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ (CSF); „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED); „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და „ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
0
0