
ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა, 20 000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. აღმოსავლეთ ლიბიის ქალაქ დერნაში, კატასტროფის ეპიცენტრში, წყალდიდობამდე დაახლოებით 100 000 ადამიანი ცხოვრობდა.
ჩნდება კითხვები, რატომ გამოიწვია ლიბიაში ქარიშხალ „დანიელის“ შემდგომმა წყალდიდობამ (რომელიც ასევე საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებსაც დაატყდა თავს) აღნიშნული მასშტაბის ზარალი.
ექსპერტები ამბობენ, რომ ძლიერი ქარიშხლის გარდა, ლიბიის კატასტროფა მნიშვნელოვნად გაამწვავა ისეთი ფაქტორების ლეტალურმა შერწყმამ, როგორებიცაა ინფრასტრუქტურის დაძველება და რღვევა, კლიმატის კრიზისის დაჩქარებული გავლენა.
ქარიშხალმა „დანიელმა“ ხმელთაშუა ზღვის უჩვეულოდ თბილი წყლები გადალახა, შემდეგ კი - 10 სექტემბერს, ლიბიაში, კერძოდ, ქალაქ დერნაში, კოკისპირული წვიმა (414 მმ) დაიწყო, რაც უხვი ნალექის რეკორდული შემთხვევაა. მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ კლიმატის ცვლილება ზრდის ექსტრემალური ამინდის (როგორიცაა ქარიშხალი) მოვლენების ინტენსივობას. თბილი ოკეანეები ქარიშხლის გაძლიერებისთვის „საწვავის“ ფუნქციას ასრულებს, ხოლო თბილი ატმოსფერო უფრო მეტ ტენიანობას ინარჩუნებს, რაც განაპირობებს უფრო ექსტრემალურ ნალექს.
„ქარიშხალი უფრო სასტიკი ხდება კლიმატის ცვლილების გამო. ქალაქი დერნა წყალდიდობებით ცნობილია. 1942 წლის შემდეგ იქ არსებული კაშხლების ადიდებამ, სულ მცირე, ხუთი დამანგრეველი წყალდიდობა გამოიწვია, მათგან უკანასკნელი 2011 წელს მოხდა", - თქვა დიდი ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანა კლოკმა.
ორი კაშხალი, რომლებიც 11 სექტემბერს ადიდდა, იუგოსლავიის სამშენებლო კომპანიამ ნახევარი საუკუნის წინ, 1973-1977 წლებში, ააშენა. დერნას კაშხლის სიმაღლე 75 მ-ია და 18 მილიონი კუბური მეტრის ტევადობისაა. მეორე კაშხალი, 1,5 მილიონი კუბური მეტრი სიმძლავრის მანსური, 45 მ სიმაღლისაა. ეს კაშხლები 2002 წლის შემდეგ არ გარემონტებულა.
„ისლამურ სახელმწიფოსთან“, ასევე აღმოსავლელ მეთაურ ხალიფა ჰაფთართან და ლიბიის ნაციონალურ არმიასთან (LNA) წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ, ქალაქ დერნას ინფრასტრუქტურა განადგურდა.
სებჰას უნივერსიტეტის კვლევაში ნათქვამია, რომ დერნას კაშხლებს „წყალდიდობის რისკის დიდი პოტენციალი ჰქონდა“ და „კატასტროფული“ დატბორვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მათი პერიოდული მოვლა. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე მცენარეულობის დეფიციტია, რომელმაც შეიძლება თავიდან აიცილოს ნიადაგის ეროზია.
„მეტეოროლოგიურ სამსახურს გაფრთხილებები რომ გაეცა, საგანგებო სიტუაციების მენეჯმენტი შეძლებდა ხალხის ევაკუაციას და ამ მასშტაბის მსხვერპლს თავიდან ავიცილებდით.
ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შეაფერხა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ძალისხმევა, რათა ლიბიის მთავრობასთან თანამშრომლობით ეს სისტემები გაგვეუმჯობესებინა. ეს წყალდიდობის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი შემთხვევაა, რაც კი ოდესმე ყოფილა“, - თქვა გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა პეტერი ტაალასმა.
0
0