17/11/2022
15:59
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, იაკუბ კუმოხმა განაცხადა, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე გარკვეული მტკიცებულებები უკვე შეგროვდა, რაც მოვლენების თანმიმდევრობას აჩვენებს. ამის შესახებ მან TVN24-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„დღეს არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ერთ-ერთი რაკეტა, რომელსაც რუსული რაკეტა უნდა ჩამოეგდო, არ მოხვდა მიზანში, თვითგანადგურების სისტემა არ მუშაობდა და ამ რაკეტამ, სამწუხაროდ, ტრაგედია გამოიწვია“, - თქვა მან.
მისივე თქმით, კატასტროფის ადგილზე პოლონურ-ამერიკული საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს და უკრაინელებმა გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვეს.
„თუ ორივე მხარე დათანხმდება და როგორც ვიცი, ამერიკული მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, მაშინ ასეთი წვდომა შეიძლება უახლოეს მომავალში მოხდეს. თუ საგამოძიებო ჯგუფს ტექნიკურ დონეზე კომენტარი არ ექნება, მაშინ უკრაინელებს წვდომაზე უარს არ ეტყვიან“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა.
მან დასძინა, რომ გამოძიება რაკეტის ნამსხვრევებსა და კრატერის სიღრმეს სწავლობს. ექსპერტები ასევე ითვლიან მიმართულებას, საიდანაც რაკეტა მოვიდა, ან თუნდაც საწვავის რაოდენობას, რომელიც გამოიყენა.
ამის გარდა, კუმოხის თქმით, არსებობს ვიდეოებიც.
„არ მსურს მათ შინაარსზე საუბარი, რადგან ისინი საიდუმლო რეჟიმში ვნახე“, - განაცხადა მან.
კუმოხმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას პოლონეთის ტერიტორიის განზრახ დაბომბვაში არავინ ადანაშაულებს.
„იმ დღეს რუსეთმა უკრაინა დაბომბა და ყველაფერზეს რული პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ეს ჰგავს სიტუაციას, როცა ადამიანი გზაზე დადგა და ავტობუსსა და მანქანას შორის შეჯახება გამოიწვია. მანქანა არის დამნაშავე? არა, დამნაშავე ადამიანია, რომელიც გზაზე გავიდა და ავარია გამოიწვია“, - განმარტა კუმოხმა.
0
0