აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით, განაცხადა, რომ რაფაჰზე ისრაელის სამხედრო თავდასხმა "უდიდესი შეცდომა" იქნება.
"ებრაული სახელმწიფოსთვის პოტენციური სახიფათო შედეგების თვალსაზრისით, არაფერს გამოვრიცხავ, თუ [ის] ისრაელი აგრესიულად შეიჭრება რაფაჰში, რომელიც „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენია ღაზაში. მე შევისწავლე რუკები. ამ ხალხს არსად აქვს წასასვლელი. საუბარია რაფაჰში მცხოვრებ, დაახლოებით, მილიონნახევარ ადამიანზე. ვაშინგტონი ნაბიჯებს თანმიმდევრულად გადადგამს,“ - განუცხადა ჰარისმა ABC-ს.
საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ჯეიკ შნაიდერი X-ზე კამალა ჰარისის პოზიციას ცინიკურად გამოეხმაურა: "ის მსოფლიოს ერთ-ერთი დიდი ორატორი და კარტოგრაფია. რა ბედნიერებაა!“
ასევე კონსერვატიულმა მიმომხილველმა ბენჯამინ ვაინგარტენმა ჰარისის კომენტარებს აშშ-ის უახლოესი მოკავშირის, პრობლემურ რეგიონში ერთადერთი მეგობრისადმი, „ღალატი“ უწოდა.
მანამდე კი, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ რაფაჰში შეჭრის გარეშე ისრაელი ვერ მიაღწევს თავის მიზანს - „ჰამასის“ მთლიანად განადგურებას. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ის ვერ შეძლებს ისრაელს მხარი დაუჭიროს რაფაჰში „ჰამასის“ წინააღმდეგ მთავარი სამხედრო შეტევის განხორციელებაში. მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს უფრო მცირე მასშტაბის ოპერაციას, რომელიც მიზნად ისახავს ტერორისტული ორგანიზაციის შიგნით მაღალი ღირებულების სამიზნეების განადგურებას.
როგორც ცნობილია, ისრაელის უახლოესმა მოკავშირემ, შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა, ვეტო მესამედ დაადო.
0
0