
როგორც ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს წყაროებმა France-Presse-ს განუცხადეს, ცხედრები "მორგებიდან და საფლავებიდან" ისრაელში გადაასვენეს, რათა ხელისუფლებამ შეამოწმოს, მათ შორის იყვნენ თუ არა მძევლები.
„ცხედრები კონტეინერებშია მოთავსებული. ზოგი ხელუხლებელია, ზოგი ნაწილებად დაშლილია. ცხედრები დასაკრძალავად სასაფლაოზე გადაასვენეს. მათ ჯანდაცვისა და იუსტიციის სამინისტროები შეამოწმებენ, იყვნენ თუ არა ისინი შესაძლო სამხედრო დანაშაულის მსხვერპლი,“ - განაცხადა ქალაქ რაფაჰში მდებარე მუჰამედ იუსეფ ელ-ნაჯარის საავადმყოფოს დირექტორმა მარვან ალ ჰამსმა.
ისრაელის არმიის სახმელეთო შეჭრის შედეგად გარდაცვლილი 80-მდე უცნობი პალესტინელის ცხედარი ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში დააბრუნეს და რაფაში, თელ ალ სულთანის მასობრივ სასაფლაოზე დაკრძალეს.
ისრაელის არმიას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ისრაელის განცხადებით, 7 ოქტომბერს ,,ჰამასის“ მიერ ღაზაში გატაცებული 240 ადამიანიდან 129 ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ,,ჰამასის“ თავდასხმებს 1200 ადამიანი ემსხვერპლა. ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 20600-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.
0
0