02/11/2023
11:13
მსოფლიო
რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზის სექტორის დატოვება 400-ზე მეტმა ადამიანმა შეძლო. ინფორმაციას CNN-ი ეგვიპტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ეგვიპტეში 81 მძიმედ დაჭრილი პალესტინელი გადაიყვანეს და ასევე 360 უცხოეთის მოქალაქე. მაღალჩინოსნის თქმით, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ეს ადამიანები კაიროში იმყოფებიან, საიდანაც საკუთარ ქვეყნებში შეძლებენ გაფრენას - მათ შორის არიან ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, საუდის არაბეთის, იტალიის, იაპონიის, აშშ-ის და საფრანგეთის მოქალაქეები.
გარდა ამისა, ღაზის სექტორი დატოვა ორგანიზაცია ექიმები საზღვრების გარეშე 22 საერთაშორისო წარმომადგენელმა, ხოლო ახალი სამედიცინო ჯგუფი მზად არის "სიტუაციის არსებობის შემთხვევაში" სექტორში შევიდეს.
ეგვიპტელი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ღაზის დატოვებასთან დაკავშირებით სულ 491 მოქალაქე იყო დარეგისტრირებული უცხო ქვეყნიდან, თუმცა 130-მა საზღვარი არ გადაკვეთა - ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მათ საზღვრის გადაკვეთა ან ვერ მოასწრეს ან ღაზის დატოვება ოჯახის წევრების გარეშე არ ისურვეს.
აღსანიშნავია, რომ გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზის სექტორმა მიიღო მორიგი ჰუმანიტარული დახმარებაც - საზღვარი 20-მა სატვირთო მანქანამ გადაკვეთა.
0
0