
რადიოწამყვანი ხუან ჯუმალონი ფილიპინებზე პირდაპირ ეთერში მოკლეს. მკვლელმა ოქროს ჯაჭვი ჩამოგლიჯა. გამოძიება მიმდინარეობს.
ჯუმალონს გადაცემა, რომლის ვიდეოც ფეისბუქზე გავრცელდა, საკუთარი სახლიდან მიყავდა. თავდასხმამდე 57 წლის რადიოს წამყვანმა შორს გაიხედა - ორი გასროლა გაისმა, რის შემდეგაც დაჭრილი ჯუმალონი სავარძელს მიეყრდნო. რადიოს წამყვანი საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა.
ჩანაწერში ჩანს მხოლოდ თავდამსხმელის ხელი, რომელიც ჟურნალისტს კისრიდან ჯაჭვს აშორებს. ახლა პოლიცია მის ვინაობას ადგენს და არკვევს უკავშირდება თუ არა მკვლელობა ჯუმალონის საქმიანობას. პოლიცია იმედოვნებს, რომ ქუჩის სათვალთვალო კამერების კადრები მათ გამოძიებაში დაეხმარება.
ფილიპინების პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა დაგმო რადიოს წამყვანის მკვლელობა.
პრესის თავისუფლების ქვეყნების რეიტინგში „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ფილიპინები 132-ე ადგილზეა. ორგანიზაციის შეფასებით, წლის დასაწყისიდან მსოფლიოში სულ მცირე 35 ჟურნალისტი და მედიის ორი თანამშრომელი მოკლეს.
0
0