
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კრუმ პოლიციაში საჩივარი შეიტანა ადგილობრივი რადიოსადგურის Waregem1-ის წამყვანის წინააღმდეგ, რომელმაც მსენელებს მისი მოკვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ European Pravda VRT-ზე დაყრდნობით იტყობინება.
მედიის ცნობით, წამყვანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შესახებ საუბრის დროს პირდაპირ ეთერში მოუწოდა მსმენელებს „დაასრულონ პრემიერი დე კრუ“.
„მივმართავ ყველას, ვინც ალექსანდერ დე კრუს მოკვლაზე ფიქრობს, მაგრამ მისი უსაფრთხოების გამო ამას ვერ ბედავს, თქვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრს შეიძლება ესროლოთ. ასე რომ, მე ვიტყოდი, მიდით“, - თქვა წამყვანმა.
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა წამყვანის წინააღმდეგ ოფიციალური საჩივარი შეიტანა, პოლიცია კი რადიოსადგურს დაუკავშირდა და უთხრა, რომ გამოძიებას ჩაატარებენ და მამაკაცს დაკითხავენ.
ამასთან, რადიოსადგურმა გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, რომელშიც თანამშრომლის ამ განცხადებას „არასათანადო“ უწოდა და დასძინა, რომ წამყვანი ხუმრობდა და მსმენელებს ბოდიშს უხდის. ის სამსახურიდან დროებით გაათავისუფლეს.
მამაკაცის ადვოკატმა განაცხადა, რომ წამყვანი ნათქვამს გულწრფელად ნანობს და მზადაა საკითხი მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს გუშინ ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
0
0