
“რადიო თავისუფლების” დაფინანსებას ევროკავშირის 10 ქვეყანა უჭერს მხარს. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ჩეხეთის, ავსტრიის, ბელგიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, სლოვენიისა და შვედეთის მინისტრები და მაღალჩინოსნები ავრცელებენ.
როგორც განცხადებაში აღინიშნება, „რადიო თავისუფლების“ გაუქმება საჩუქარი იქნება ევროპის მტრებისთვის.
“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ ფინანსურ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგას “რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება” (RFE/RL), როგორც ბოლო დროს გავრცელებულ ამბებში აღინიშნება.
დღეს, RFL/RL აგრძელებს სანდო, დამოუკიდებელი ახალი ამბების მიწოდებას ათობით მილიონი ადამიანისთვის რეგიონში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია ან არ არსებობს. ამით, ის ეხმარება დემოკრატიული ღირებულებების წინ წაწევას და აძლიერებს ჩვენს კოლექტიურ პასუხს, დეზინფორმაციისა და ავტორიტარული პროპაგანდისადმი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო სრულდება მის ისტორიულ როლზე, როგორც ძალაზე დემოკრატიისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის - ღირებულებების, რომლებიც ევროკავშირის შუაგულშია. საგარეო მავნე გავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევით და დემოკრატიული მედეგობის გაძლიერებით, RFE/RL-ს წვლილი შეაქვს ევროპული უსაფრთხოების დაცვაში და მისი გაუქმება საჩუქარი იქნება ევროპის მტრებისთვის.
ამ ვითარების კონტექსტში, ჩვენს მზაობას ვაცხადებთ ერთად ვიმუშაოთ, რათა ვიპოვოთ და უზრუნველვყოთ შესაბამისი ფინანსური რესურსები, რომლებიც RFE/RL-ს საშუალებას მისცემს გააგრძელოს თავისი მნიშვნელოვანი მისია. ევროპული დაფინანსება უზრუნველყოფს ამ საკვანძო მედია ინსტიტუტის სტაბილურობას და საშუალებას მისცემს გააგრძელოს კრიტიკული და დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელება.
მოვუწოდებთ შესაბამის ევროპულ ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, ძალები გააერთიანონ RFE/RL-ისთვისა და სხვა დამოუკიდებელი მედიისთვის მდგრადი ფინანსური მხარდაჭერის შესაქმნელად, რითაც დაცული იქნება მედიის თავისუფლება და დემოკრატია ევროპასა და მის მიღმა”, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ხელმომწერები არიან: მარტინ დვორაკი (ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი), კლაუდია პლაკოლმი (ავსტრიის ევროპის მინისტრი), მაქსიმ პრევო (ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი), სიგიტას მიტკუსი (ლიეტუვის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრი), კასპარ ველდკამპი (ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი), მარგუს ცაჰკნა (ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ანა ლურმანი (გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისთვის), არტიომს ურშულსკისი (ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი), მარტკო სტუცინი (სლოვენიის სახელმწიფო მდივანი ევროპული საქმეებისთვის) და ჯესიკა როზენკრანცი (შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი).
0
0