
რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, 1-ლი ოქტომბრიდან გაერთიანებულ სამეფოში ძალაში შევიდა გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის, განსაკუთრებული აქცენტით - ირანისა და რუსეთის გავლენების წინააღმდეგ.
როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება მიღებულია „იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიამ იმუშაოს მშრომელი ადამიანების ინტერესებისთვის და არა მტრული აქტორებისა, რომლებიც ცდილობენ დაყოფის გამოწვევას”.
გამკაცრებული ზომების ამოქმედებას წინ უძღოდა „საშეღავათო პერიოდი”, რომელიც 1-ლი ივლისიდან დაიწყო იმისთვის, რომ კანონიერ ბიზნესებსა და პირებს ჰქონოდათ დრო კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის.
ამიერიდან მათ წინააღმდეგ, ვინც გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებენ უცხო სახელმწიფოების სახელით და არ დარეგისტრირდებიან, გამოყენებული იქნება სისხლისსამართლებრივი სანქციები.
ინდივიდებს, რომლებიც დაუდეკლარირებლად მუშაობენ ირანისა და რუსეთისთვის, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ორივე ქვეყანა ამჟამად გაძლიერებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული, ვინაიდან მიჩნეული არიან ეროვნული უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის ქვეყნებად.
გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების მინისტრმა დენ ჯარვისმა განაცხადა:
„უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა” (FIRS) წარმოადგენს მკაფიო გზავნილს, რომ გაერთიანებული სამეფო არ შეეგუება ფარულ უცხოურ გავლენას ჩვენს დემოკრატიაზე.
მოვუწოდებ ყველა ინდივიდსა და ორგანიზაციას, რომლებიც უცხო სახელმწიფოების სახელით ახორციელებენ პოლიტიკურ გავლენას, დაუყოვნებლივ შეასრულონ თავიანთი კანონიერი ვალდებულება.
რუსეთისა და ირანის გაძლიერებული ზომების ქვეშ მოქცევა უზრუნველყოფს, რომ ჩვენ გამოვავლინოთ, აღვკვეთოთ და შევაკავოთ მტრული სახელმწიფოს მოქმედება. მათ, ვინც არ დარეგისტრირდებიან, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ."
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განმარტებით, FIRS-ი სამ რაღაცას უზრუნველყოფს: გაერთიანებულ სამეფოში უცხო სახელმწიფოს გავლენის გამჭვირვალობას, დამაზიანებელი ფარული სახელმწიფო მოქმედების შეკავებას და ზრდის პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინასწარი აღკვეთის შესაძლებლობას. ეს არის ორდონიანი სქემა: პოლიტიკური დონე მოითხოვს გაერთიანებულ სამეფოში პოლიტიკური გავლენის საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი შეთანხმების რეგისტრაციას, მაღალი რანგის გადაწყვეტილების მიმღებებთან (მაგალითად, პარლამენტის წევრებთან და წევრობის კანდიდატებთან) პოლიტიკურ კომუნიკაციას ან ლობირებას.
უფრო მკაცრი, გაძლიერებული დონე ვრცელდება იმ უცხოურ სახელმწიფოებზე, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების ან ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, რაც შეიძლება ყველა სახის საქმიანობის რეგისტრაციას მოითხოვდეს. ამ დროისთვის, პარლამენტის მხარდაჭერით, გამკაცრებული დონე ვრცელდება რუსეთსა და ირანზე. ეს მოხდა იმის საპასუხოდ, რომ ეს ქვეყნები იდენტიფიცირდნენ ეროვნული უსაფრთხოებისთვის მომეტებული რისკის შემცველებად და ნებისმიერს, ვინც გაერთიანებულ სამეფოში ამ ორი ქვეყნისთვის მუშაობს, მოუწევს საქმიანობის დეკლარირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ პასუხისგება და პატიმრობაც კი.
სქემის მიზანმიმართულობისა და პროპორციულობის უზრუნველსაყოფად, გამონაკლისები იმოქმედებს აღიარებული დიპლომატიური საქმიანობის, იურიდიული წარმომადგენლობისა და აკრედიტებული ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
სარეგისტრაციო მოთხოვნებთან შეუსაბამობამ შესაძლოა გამოიწვიოს ორ წლამდე პატიმრობა პირველ (პოლიტიკური) დონეს მიკუთვნებულთათვის და ხუთ წლამდე პატიმრობა გაძლიერებულ დონეს მიკუთვნებულთათვის. ეს სასჯელები ასახავს სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვისადმი მთავრობის სერიოზულ მიდგომას.
FIRS-ი უზრუნველყოფს, რომ მათ, ვინც ცდილობს გაერთიანებულ სამეფოში უცხო სახელმწიფოების სახელით პოლიტიკურ შედეგებზე გავლენის მოხდენას, გააკეთონ ეს გამჭვირვალედ, რომ მკაფიოდ გაიმიჯნოს კანონიერი საერთაშორისო ჩარევა და ფარული მოქმედება, რომელიც ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების პროცესის მიმართ.
გაერთიანებულ სამეფოში FIRS-ის მიხედვით რეგისტრაცია მოუწევთ მათ:
ვისაც აქვს შეთანხმება ნებისმიერ უცხოურ ძალასთან, გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკაში ჩარევის თაობაზე;
ვისაც აქვს გაერთიანებულ სამეფოში საქმიანობის შესახებ შეთანხმება კონკრეტულ უცხოურ ძალასთან ან ამ ძალის მიერ კონტროლირებულ სუბიექტთან;
ვინც არის კონკრეტული უცხო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული სუბიექტი, რომელიც საქმიანობს გაერთიანებულ სამეფოში;
ვინც მუშაობს უცხო ქვეყნისთვის და გაერთიანებულ სამეფოში საქმიანობის განხორციელებისას საკუთარ ვინაობას ან შესაძლებლობებს არასწორად წარმოაჩენს.
„ვინაიდან გამჭვირვალობა არის ამ სქემის საფუძველი, მთავრობა ყოველწლიურად გამოაქვეყნებს ანგარიშს სქემის შესახებ, მათ შორის წარმოადგენს რეგისტრაციის მთლიან სტატისტიკას დონეების მიხედვით”.
„უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა" (FIRS) ამოქმედდა 2025 წლის 1-ლი ივლისიდან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განმარტებით, სქემის მიზანია სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა ქვეყანაში უცხო სახელმწიფოს ან მის მიერ კონტროლირებული ორგანიზაციების მითითებებით მიმდინარე აქტივობების გაგების გაუმჯობესებით.
0
0