
უმაღლესმა რადამ მხარი არ დაუჭირა დოკუმენტს „უკრაინაში რუსული აგრესიის პირობებში დემოკრატიის მხარდაჭერის შესახებ“.
დოკუმენტში წარმოდგენილი იყო რადას განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საომარი მდგომარეობის პირობებში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, რადგან „არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შემთხვევაში, საომარი მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, არ იქნება საარჩევნო კანონის ყველა ეროვნული და საერთაშორისო პრინციპი დაცული, რაც არჩევნებს ფარსად აქცევს, რუსეთის ფედერაციის მიერ 2024 წლის მარტში, ვლადიმერ პუტინის ხელახლად ასარჩევად ორგანიზებულის მსგავსად“.
დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებს დანიშნავს, როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე „უზრუნველყოფილი იქნება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“.
დოკუმენტს მხოლოდ 218-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მის დასამტკიცებლად კი, 226 ხმა იყო საჭირო.
აქვე მითითებულია, რომ უკრაინის უმაღლესი რადა და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არჩეულია თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნებით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული მოწვეული საერთაშორისო დამკვირვებლებით“, და რომ პრეზიდენტ ზელენსკის მანდატი უკრაინელი ხალხისა და უმაღლესი რადას მიერ ეჭვქვეშ არ დგას. ასევე დაგმობილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგიტიმური არჩევნების გამართვა.
დოკუმენტში არჩევნების ამჟამად ვერ გამართვის გამო, პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკისრება.
0
0