08/08/2023
14:08
პოლიტიკა
შავის თეთრად წარმოჩენის 15 წელი. მრავალი წელია, რაც ნაცები სოციალური ქსელების, საკუთარი ჟურნალისტებისა და ტელეარხების ყველა საშუალებით ცდილობენ ნაც-პოლიტიკოსების იდეოლოგიისა და ქმედებების რეანიმაცია- რეაბილიტაციას, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
„საზოგადოება უკვე შეეჩვია მათ მცდელობებს, ქვეყნის შიგნით მომხდარი თითქმის ყველა კრიმინალური ფაქტი, ქვეყნის გარედან მოსმენილი ოდიოზური საერთაშორისო ექსპერტების და პოლიტიკოსების გამონათქვამი, სტიქიური უბედურებებიც კი გამოიყენონ სწორედ ამ მიზნებისთვის.
გუშინ ერთ-ერთ ნაცტელევიზიაზე ვიხილეთ ნაცების ბელადის რეაბილიტაციის მორიგი ასეთი წარუმატებელი მცდელობა.
ნაცგენერალი მამუკა ყურაშვილი თითქმის 10 წუთის მანძილზე დიდი მონდომებით ცდილობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, გორში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამარცხვინო გაქცევა, წაქცევა, მიწაზე ფორთხვა და შეშინებული თვალებით ცაში ყურება ლამის გმირობად შეეფასებინა. ამისათვის, მან მაყურებელს მოუყვა ისტორია, რომელსაც, მისივე თქმით, 15 წელი საიდუმლოდ ინახავდა. ახლაც ვითომიმიტომ გაიხსენა, რომ ტყვეობაში მყოფი მისი უმაღლესი მთავარსარდალი ათასგვარი ცილისწამებისგან დაეცვა.
მამუკა ყურაშვილის მონათხრობის მიხედვით, უმაღლესი მთავარსარდალი იმდენად უშიშარი და შეუპოვარი იყო, რომ ბრძოლის წინა ხაზზე გასვლასაც არ ერიდებოდაო.კერძოდ, თურმე სააკაშვილი ომის პირველ დღეებში ცხინვალთან ახლოს იმყოფებოდა, ყურაშვილისგან და სხვა გენერლებისგან ანგარიშს იბარებდა საბრძოლო მდგომარეობისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის შესახებ.
თანაცო, გვიამბობდა ნაცგენერალ-მიუნჰაუზენი, ამ პერიოდში გარშემო სულ ბომბები ფეთქდებოდაო, რითიც იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი უშიშარი მთავარსარდალი აფეთქებულ ბომბებსაც კი არ უშინდებოდაო.ამ ისტორიას ყურაშვილმა მოაყოლა,- დასაცავი ობიექტისთვის საფრთხის შექმნის დროს სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნიც კი არიან, თუ დასაცავი პირი არ ემორჩილებათ, გამოიყენონ ძალა მის დასაცავადო, რითაც იმის თქმა უნდოდა, გორში, სააკაშვილი თვითმფრინავის დანახვაზე კი არ გაიქცა და წაიქცა, არამედ დაცვამ წააქცია, ზედ გადაეფარა, ვინაიდან ინსტრუქციის თანახმად იმოქმედესო.
ძალიან უცნაურია, ნაცგენერალ-მიუნ ჰაუზენ მამუკა ყურაშვილის ამ მონათხრობში რა იყო „საიდუმლო“ და რატომ უნდა შეენახა ეს „საიდუმლო“ 15 წლის განმავლობაში, მაგრამ დავუშვათ, ის ყველაფერი, რაც ჩვენ მისგან მოვისმინეთ, ნამდვილად ასე იყო და სააკაშვილი მართლაც იმყოფებოდა ცხინვალის მისადგომებთან ომის პირველ თუ მეორე დღეს.
კი, მაგრამ, ეს ფაქტი რანაირად ამართლებს ან აუფერულებს თვითმფრინავის დანახვაზე შეშინებული თვალებით ცაში მომზირალი სააკაშვილის მიერ გაქცევას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კუშნერის მიტოვებას, შემდეგ სამარცხვინო წაქცევას, მიწაზე ფორთხვას და მასზე გადაფარებული დაცვის წევრების ქვემოდან ისევ შეშინებული თვალებით ცაში ყურებას?
ასე რომ, რაც უფრო ხშირად შეეცდებიან ნაცები თავიანთი ლაჩარი ბელადის ლამის გმირობად წარმოჩენას, მით უფრო ხშირად გაახსენებენ საზოგადოებას მიშას ლაჩრობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას“, - წერს კაკაბაძე.
0
0