08/08/2022
14:00
პოლიტიკა
რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20 %-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ჩვენ დღეს გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია“.
„ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ეროვნული ღირსების დაცვა არის ქსენოფობია, შოვინიზმი და გოიმობაა.
პარტიის თავმჯდომარემ ასევე გაიხსენა ის შემთხვევებიც, როდესაც საქართველოში პუტინის მოწინააღმდეგე ადამიანებს არ უშვებდნენ და აღნიშნა, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ხელისუფლების ტყუილი, „თითქოს რუსეთის ყველა მოქალაქე საქართველოში რეჟიმს გამოქცეული დისიდენტები არიან“.
„რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი - რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
0
0