08/06/2023
12:38
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის ყოფილი წევრი, ხატია დეკანოიძე ენმ-ის დატოვების შემდეგ, ქართული ოცნების, POSTV-სა და TV იმედის რიტორიკით ალაპარაკდა.
"იცით, მე რაზე ვწუხვარ, ხატია დეკანოიძე ნაციონალური მოძრაობიდან რომ გავიდა, რიტორიკა შეცვალა და ზუსტად იმ რიტორიკით ალაპარაკდა, როგორც ქოცები, ირაკლი კობახიძე, POSTV და TV იმედი ლაპარაკობენ [...] ის პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა შეიყვანეს და ჰკითხეთ აბა იმ ხალხს, მოსწონთ ხატია დეკანოიძისა და ვიღაცების რიტორიკა? ეგრე არ არის [...] შენი გუნდის ლანძღვა არ შეიძლება". - თქვა ხაბეიშვილმა TV პირველის ეთერში.
ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ 2024 წლის არჩევნების მოგების გასაღები არა ნაციონალურ მოძრაობაში, არამედ, ენმ-ის გარეთ სხვადასხვა ძალის კონსოლიდაციაშია. დეკანოიძე ამბობს, რომ ენმ საკუთარ ორბიტაზე უნდა იყოს და თავისი ამომრჩევლების კონსოლიდაცია მოახდინოს. დეკანოიძის განცხადებით, არსებობს “ივანიშვილის ქვაბი“, სადაც ივანიშვილი ყველას წარმატებით ხარშავს და მთელი ოპოზიციის ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანება და ამ ქვაბში ჩაყრა გამარჯვების ფორმულა არ იქნება.
ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების დამარცხების მთავარი გასაღები ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აქვს, რადგან, მისივე განცხადებით, ხალხის ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ ენმ-ს აქვს. ხაბეიშვილის თქმით, ოპოზიციას აუცილებლად მოუწევს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ, სხვადასხვა მიმართულებით საერთო ფრონტის ხაზი ჰქონდეს.
0
0