27/02/2023
16:12
მსოფლიო
კრემლმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია დნესტრისპირეთში შექმნილი მდგომარეობით, რომელიც გარეშე ძალების მიერ არის გამწვავებული.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა დნესტრისპირეთში "პროვოკაციას" გეგმავდა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ კიევს რეგიონის ხელში ჩაგდება სურს; თავის მხრივ, აღნიშნულ ბრალდებებს მოლდოვაც უარყოფს.
როგორც Reuters-ი წერს, სადაზვერვო მონაცემების მიხედვით, რუსი სამხედროები ყოველგვარი მტკიცებულების წარდგენის გარეშე აცხადებდნენ, რომ რუსულ სამხედრო ფორმებში გადაცმული უკრაინელი ჯარისკაცები „ცრუ დროშის“ ოპერაციის ჩატარებას გეგმავდნენ, რომლის მიზანი იყო რუსეთის დადანაშაულება უკრაინაში დნესტრისპირეთიდან შეჭრაში. მაშინ კიევი ამას "პროვოკაციის" საბაბად გამოიყენებდა. მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რომელსაც სურს, მისი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს, მიმდინარე თვეში მოსკოვი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა - მოსკოვმა ეს ბრალდება უარყო.
„ბუნებრივია, დნესტრისპირეთში შექმნილი მდგომარეობა ჩვენი ყურადღების საგანია და შეშფოთების მიზეზიც. სიტუაცია არასტაბილურია. პროვოცირება გარედან ხდება - ვიცით, რომ ჩვენს უკრაინელ და ევროპელ ოპონენტებს სხვადასხვა ტიპის პროვოკაციის მოწყობა შეუძლიათ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
როგორც ცნობილია, დნესტრისპირეთი მოლდოვაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ტერიტორიაა. ძირითადად, რუსულენოვანი რეგიონი მაშინდელ საბჭოთა მოლდოვას 1990 წელს გამოეყო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრორუსი სეპარატისტები მოლდოვის სამთავრობო ძალებთან ომში ჩაერთვნენ. სეპარატისტულ რეგიონში ახლა დაახლოებით 1500 „სამშვიდობო ჯარისკაცი“ იმყოფება. მოლდოვას პროდასავლური მთავრობა და საერთაშორისო თანამეგობრობა რეგიონის დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
0
0