16/07/2023
12:18
საზოგადოება
რა მიზნით ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშის გატანას პოლონელი მედიკოსი კლინიკა "ვივამედიდან" - უცხოელი ექიმების ჯგუფს, ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა სააკაშვილის ოჯახის მოწვევით, საქართველოში ჩამოსული სპეციალისტების მისიამ, დამატებითი კითხვები უკვე გააჩინა.
მედიკოსების "ვივამედში" ვიზიტი და ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, პოლიტიკური შეფასებების თემაა. ოპოზიციისთვის პოლონელი მედიკოსის ქმედებაში უჩვეულო არაფერია, მმართველი გუნდი კი ფაქტის მიღმა დანაშაულებრივ ნიშნებს ხედავს.
როგორც მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, მისთვის სკანდალის შინაარსი გაუგებარია და არ იცის, რის გატანას ცდილობდა უცხოელი ექიმი კლინიკიდან.
"ვიცი რომ იყვნენ, ვიცი რომ რაღაც სკანდალი მოხდა, რა სკანდალი იყო იმის შინაარსი მე ვერ გავიგე. რა ვიცით, რომ გაჰქონდა და რა ვიცით, რომ თან არ ჰქონდა შემოტანილი. რა ვიცით რა ედო ადამიანს ფეხსაცმელში ", - განაცხადა გიული ალასანიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განმარტებით, ეს ექიმებისა და ოჯახის წევრების კომპეტენციაა და მათი მხრიდან სხვა შეფასების გაკეთება არ იქნება სწორი.
"ეს მთლიანად ექიმების და პროფესიონალების კომპეტენციაა, მათ თავიანთი ახსნა ექნებათ ამ საკითხთან დაკავშირებით და მე როგორც ვიცი, აქვთ. ეს მთლიანად არის ასევე ოჯახის კომპეტენცია. სხვა შეფასება ჩვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება სწორი", - განაცხადა ანა წითლიძემ.
”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა თუ რისთვის სჭირდებოდა ექიმს ანალიზის ნიმუშის გატანა.
"ამ ადამიანს ჯიბითაც შეეძლო იმის გატანა, ფეხითაც შეეძლო, ყუთითაც შეეძლო და ჯერ რატომ მიჰქონდა იმას ვერ გავიგე. არაფრის გამართლებას არ ვაპირებ. აი ვთქვათ და ბოროტები არიან, მაგრამ რისთვის უნდოდა ხომ უნდა დავსვათ კითხვა, ვინმემ თქვა, რომ დანაშაულია, ვინმემ თქვა, რომ რაიმე შეუფერებელი ქმედება იყოო? არავის არაფერი არ უთქვამს და არის ერთი ამბავი ატეხილი", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა "ვივამედიდან" მის მალულად გატანას, ფეხსაცმლის მეშვეობით.
0
0