
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა აშშ-ის 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმის“ პროექტის საპასუხოდ ევროპული კონტრშეთავაზება მოამზადეს, რომელიც უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით არის შექმნილი. კონტრშეთავაზების სრულ ტექსტს „როიტერი“ აქვეყნებს.
მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შემუშავებული ტექსტი ეფუძნება აშშ-ის „სამშვიდობო გეგმას“, მაგრამ ზოგიერთ პუნქტს ცვლის, ზოგიერთ შემთხვევაში კი პუნქტის ამოშლას სთავაზობს. კერძოდ, კონტრშეთავაზებაში ამოშლილია მესამე პუნქტი, რომელიც ნატო-ს გაფართოებას ეწინააღმდეგებოდა. ცვლილებებია შეტანილი მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცამეტე, მეთოთხმეტე, მეოცე, ოცდამეერთე, ოცდამეხუთე, ოცდამეექვსე პუნქტებში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ ევროპული კონტრშეთავაზება, რომელსაც „როიტერი“ ავრცელებს, შემდეგი პუნქტებისგან შედგება:
1. დადასტურდება უკრაინის სუვერენიტეტი;
2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა ბუნდოვანება მოგვარებულად ჩაითვლება;
3. აშშ-ის გეგმის მესამე პუნქტი, რომლის მიხედვითაც რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო არ გაფართოვდება – ევროპულ კონტრშეთავაზებაში ამოშლილია;
4. აშშ-ის შუამავლობით გაიმართება დიალოგი რუსეთსა და ნატო-ს შორის უსაფრთხოების ყველა საკითხის გადასაჭრელად და დეესკალაციის პირობების შესაქმნელად, გლობალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობისა და მომავალი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
5. უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს;
6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მშვიდობიან პერიოდში განისაზღვრება 800 000 პერსონალით. აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ კი 600 000-მდე სამხედროს ითვალისწინებდა;
7. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია ნატო-ს წევრებს შორის კონსენსუსზე, რომელიც არ არსებობს. აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით კი, უკრაინამ კონსტიტუციურად უნდა დააფიქსიროს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი, ხოლო ნატო-მ თავის წესდებაში უნდა შეიტანოს დებულება, რომელიც მომავალში ალიანსში უკრაინის მიღებას არ ითვალისწინებს;
8. ნატო თანხმდება, მშვიდობიან პერიოდში უკრაინის ტერიტორიაზე მუდმივად არ განათავსოს თავისი მეთაურობის ქვეშ მყოფი სამხედროები. აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, ალიანსი უნდა დათანხმებულიყო, რომ უკრაინაში ჯარები არცერთ პერიოდში არ განლაგდებოდა;
9. ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან;
10. აშშ-ის გარანტია:
აშშ მიიღებს კომპენსაციას გარანტიისთვის;
თუ უკრაინა რუსეთში შეიჭრება, ის დაკარგავს გარანტიას;
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, გადამწყვეტი, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი გაუქმდება;
თუ უკრაინა უმიზეზოდ გაუშვებს რაკეტას მოსკოვისკენ ან სანკტ-პეტერბურგისკენ, უსაფრთხოების გარანტია ბათილად ჩაითვლება;
11. უკრაინას აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება და მიიღებს მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, ვიდრე ეს საკითხი განიხილება;
12. უკრაინის აღდგენისთვის ზომების ძლიერი გლობალური პაკეტი, მათ შორის, მაგრამ არამხოლოდ:
უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა მზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების განსახორციელებლად;
შეერთებული შტატები უკრაინასთან ითანამშრომლებს უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავების ერთობლივი აღდგენის, განვითარების, მოდერნიზაციისა და ექსპლუატაციის მიზნით;
ერთობლივი ძალისხმევა ომის შედეგად დანგრეული ტერიტორიების აღსადგენად, ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით;
ინფრასტრუქტურის განვითარება;
სამთომოპოვებითი და ბუნებრივი რესურსების მოპოვება;
მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს დაფინანსების სპეციალურ პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად;
13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში:
სანქციების შემსუბუქება განიხილება და შეთანხმდება ეტაპობრივად და თითოეული შემთხვევის ინდივიდუალურად განხილვის საფუძველზე. აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, სანქციების მოხსნის განხილვა და შეთანხმება უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად და თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად;
შეერთებული შტატები დადებს გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგანვითარებას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკული იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორატიული შესაძლებლობების სფეროში;
რუსეთი მიწვეული იქნება G8-ში ხელახლა გაწევრიანების მიზნით;
14. უკრაინა სრულად აღდგება და მიიღებს ფინანსურ კომპენსაციას, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამდე, ვიდრე რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს. ევროპულმა სახელმწიფოებმა უარყვეს აშშ-ის „სამშვიდობო გეგმის“ მე-14 პუნქტში შეტანილი წინადადებები უკრაინის რეკონსტრუქციაში 100 მილიარდი ევროს ინვესტიციისა და რეკონსტრუქციის პროცესიდან აშშ-ის მიერ მოგების 50 პროცენტის მიღების შესახებ;
15. შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომელიც ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს ამ შეთანხმების ყველა დებულების განხორციელებას;
16. რუსეთი კანონმდებლობით დააფიქსირებს თავის არააგრესიულ პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ;
17. აშშ და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული გაუვრცელებლობისა და კონტროლის ხელშეკრულებების, მათ შორის START I-ის გაგრძელებაზე;
18. უკრაინა თანახმაა, იყოს არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შესაბამისად;
19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება IAEA-ს ზედამხედველობის ქვეშ და გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გაიყოფა რუსეთსა და უკრაინას შორის – 50/50-ზე;
20. უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ. აშშ-ის წინადადება მოიცავდა დებულებას, რომელიც კრძალავდა „ნებისმიერ ნაცისტურ იდეოლოგიას“;
21. ტერიტორიული საკითხი:
უკრაინა იღებს ვალდებულებას, რომ არ აღადგენს ოკუპირებულ სუვერენულ ტერიტორიას სამხედრო გზით. ტერიტორიული გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება შეხების ხაზიდან. ეს პუნქტი მნიშვნელოვნად განსხვავდება აშშ-ის გეგმისგან: არ მოიცავს ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ყირიმის რუსულ რეგიონად აღიარებას და ტერიტორიული საკითხების განხილვა ცეცხლის შეწყვეტასთან არის დაკავშირებული;
22. სამომავლო ტერიტორიული მოწყობის შესახებ შეთანხმების შემდეგ, როგორც რუსეთის ფედერაცია, ასევე უკრაინა იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ ეს მოწყობა ძალის გამოყენებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიები არ გავრცელდება;
23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინის მიერ მდინარე დნეპრის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ;
24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად:
ყველა დარჩენილი პატიმარი და ცხედარი გაცვლილი იქნება „ყველა ყველას სანაცვლოდ“ პრინციპით;
ყველა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მძევალი დაბრუნდება, მათ შორის ბავშვები. განხორციელდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა;
მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად;
25. უკრაინა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ არჩევნებს რაც შეიძლება მალე ჩაატარებს. ევროპულ კონტრშეთავაზებაში არ არსებობს კონკრეტული ვადა აშშ-ის გეგმისგან განსხვავებით, რომელიც არჩევნების ჩატარებას შეთანხმების ხელმოწერიდან „100 დღის განმავლობაში“ ითვალისწინებს;
26. კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად ზომები იქნება მიღებული. აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ კი ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის კონფლიქტის ყველა მხარისთვის სრულ ამნისტიას ითვალისწინებდა;
27. ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი ტრამპი. დარღვევებისთვის სანქციები იქნება გათვალისწინებული;
28. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა დაუყოვნებლივ, მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაუბრუნდება შეთანხმებულ პუნქტებს შეთანხმების განხორციელების დასაწყებად.
1ტვ.
0
0
ტრამპმა საკუთარი თავი იმპერატორად გამოსახა
24/11/2025