
აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატის კამალა ჰარისის ქმარი, დუგლას (დაგ) ემჰოფი სკანდალში გაეხვა - მას ბრალად დასდეს პირველი ქორწინებისას ცოლის ღალატი, ბრიტანული ტაბლოიდის Daily Mail - ის ინფორმაციით, მან პირველ ცოლს ქალიშვილის ძიძასთან უღალატა.
"პირველი ქორწინების დროს, მე და კერსტინმა ჩემი ქმედებების გამო რთული პერიოდი გავიარეთ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ავიღე და მას შემდეგ, წლების განმავლობაში ვმუშაობდით ამ საკითხებზე, როგორც ოჯახი. შედეგად, უფრო გავძლიერდით", - განაცხადა ემჰოფმა CNN-ისთვის ექსკლუზიურად მიცემულ კომენტარში.
Daily Mail-ის რეპორტაჟის თანახმად, ძიძასთან რომანმა ემჰოფის პირველი ქორწინების დასრულება გამოიწვია.
პირმა, რომელიც დეტალებზე ინფორმაციას ფლობს, CNN-ს განუცხადა, რომ ოთხი წლის წინ, როდესაც ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესს გადიოდა, ეს ურთიერთობა და მასთან დაკავშირებული გარემოებები ჯო ბაიდენის შემოწმების კომიტეტისთვის ცნობილი იყო. წყაროს ცნობით, ემჰოფმა ჰარისს რომანის შესახებ დაქორწინებამდე დიდი ხნით ადრე უამბო.
ეს ურთიერთობა ჰარისისა და ემჰოფი შეხვედრამდე წლებით ადრე დასრულდა.
Daily Mail-ის ცნობით, ქალი დაორსულდა, თუმცა როგორც ახლო მეგობარმა აღნიშნა, მან "ბავშვი არ დაიტოვა". ქალმა, რომლის სახელსაც CNN არ ასახელებს, გამოცემის სატელეფონო შეტყობინებას არ უპასუხა.
შაბათს, დაგის პირველმა მეუღლემ, კერსტინ ემჰოფმა განაცხადა:
"ჩვენი ქორწინების დასრულება სხვადასხვა მიზეზის გამო, მრავალი წლის წინ გადავწყვიტეთ. ის შვილებისთვის შესანიშნავი მამაა და კვლავ ჩემს მეგობრად რჩება. ვამაყობ იმ თბილი, შერეული ოჯახით, რომელიც დაგმა, კამალამ და მე ერთად შევქმენით".
დაგ ემჰოფთან დაახლოებულმა სხვა წყარომ განაცხადა, რომ ის მომხდარს ნანობს და იცოდა, რომ შეიძლებოდა, ეს საჯაროდ გამხდარიყო ცნობილი.
ემჰოფის და მისი პირველი მეუღლის ორი შვილი უკვე ზრდასრულები არიან. კერსტინ ემჰოფი წლების განმავლობაში თბილად ლაპარაკობდა ჰარისზე, მათ შორის, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც, რაც ჰარისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდა.
0
0