21/05/2023
18:11
პოლიტიკა
რა ქორწილების გადადება და გადმოდება?! ასეთი რაღაც არ უთქვამს ვახტანგ გომელაურს. საქართველოს პრეზიდენტი არასერიოზულ და არასწორ განცხადებებს აკეთებს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს პრეზიდენტისთვის ეთქვა, რომ ის ქორწილის მეორე დღეს გადადებდა.
„გუშინ, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან მოვისმინეთ განცხადება, რომ ქორწილის მეორე დღე გადაიდო და ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა. ამას მთელი სერიოზულობით საუბრობდა, მეორე მხრივ კი „აირზენას“ გამოუცხადა ბოიკოტი. რეალურად, ამის პარალელურად, ქართველი ხალხის ემოციების დატესტვა ხდება დაუშვებენ თუ არა ისინი და მიიღებენ თუ არა მესიჯს, რომ საქართველომ სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ასეთი გლობალური ბინძური გეგმების ფონზე: „ქორწილის მეორე დღე გადაიდო“ ამ „ნაცურ“ ნარატივში ჯდება. საქართველოს პრეზიდენტი ასეთ არასერიოზულ და არასწორ განცხადებებს აკეთებს. მისი განცხადება ტყუილ ინფორმაციას შეიცავს, შეუძლებელია ვახტანგ გომელაურს მისთვის ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს და ა.შ. ასეთი საკითხებით გომელაური და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებული არ არის. მისი საქმეა საზოგადოების, მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვა, რა ქორწილების გადადება და გადმოდება?! ასეთი რაღაც არ უთქვამს, არასწორი ინფორმაცია გაახმოვანა პრეზიდენტმა.
ასეთ დეტალებზე კონცენტრირებით ასეთი გლობალური, მავნებლური თემების შემოპარება მიდის და ადამიანებზე, ახალგაზრდების ემოციებზე ცდილობენ ასეთი თემების ჩახლართვას”, - აღნიშნა მდინარაძემ.
მან მანიპულაციური უწოდა პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც ხელისუფლებას მიმართავს, რომ პარტნიორი ქვეყნების სიებით იხელმძღვანელონ საზღვარზე, რომ არავინ შემოვიდეს, ვინც სანქცირებულია.
„როგორ მანიპულაციური მოწოდებაა. ჰგონიათ, რომ ამით მოქალაქეებს მოატყუებენ. სანქცირებულების სიების გამოთხოვა და ამ პირების მიმართ სანქციების დაწესება ნიშნავს სანქციებზე მიერთებას, რასაც საქართველო არ უერთდება. ამაზე პრაგმატული თვალსაზრისით განმარტება გაკეთებული გვაქვს. IRI-ის კვლევითაც კი, საქართველოს მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი უჭერს მხარს ფრენების აღდგენას. საზოგადოების და ეროვნული ინტერესებიდან გამოვდივართ “,- აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ქართველი ხალხის დაკვეთას ასცდა.
„როდესაც პრეზიდენტის მესიჯები აძლიერებს სპეკულაციურ ნარატივს ემოციაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდების ემოციაზე გათვლილს, ეს არის „ნაცური“ ნარატივი, რაც სამწუხაროა. პრეზიდენტი ვინც აირჩია, იმ ხალხის დაკვეთას და აზრს ასცდა. ქართველი ხალხის დაკვეთა პრეზიდენტის მიმართ არის ის, რომ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე სპეკულაციურ თემებზე ჩაყოლა არ განახორციელოს, უსაფრთხოების რისკები შეაფასოს. ამ ყველაფრის სინთეზში ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ ქართულ უსაფრთხოების ხვალინდელი დღე არ დააზიანოს. ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე, ხან სერიოზულად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ფიზიკური განადგურების რისკიც კი შეიძლება იყოს, თუ ისე სულელურად მოვიქცევით, როგორც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებენ ხოლმე. ამ დროს პრეზიდენტი ჩაყოლილია „ნაცურ“ ნარატივს. თვითონ ჩაჯდება თუ არა რომელიმე თვითმფრინავში, ეს მეასეხარისხოვანი თემაა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში სერგეი ლავროვის სიძის ძმის ქორწილთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც მან აღნიშნა, შს მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ ოჯახი, რომელიც ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას აპირებდა, წასულია და ქორწილი აღარ ჩატარდებოდა. ამასთან, მან მოუწოდა ხელისუფლებას პარტნიორი ქვეყნებიდან სასწრაფოდ შემოიტანონ სანქცირებულთა სიები, რითაც საზღვარზე იხელმძღვანელებენ.
0
0