
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. როგორც დღეს გახდა ცნობილი მინისტრის პოსტი ლევან დავითაშვილმა დატოვა, მის ნაცვლად უწყებას მარიამ ქვრივიშვილი უხელმძღვანელებს.
რაც შეეხება დავითაშვილს, ის ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.
რა ქონებას ფლობს მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც დღემდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის აპრილში შეავსო.
დოკუმენტის მიხედვით, მის სახელზეა: 147 კვ.მ. ფართობის ბინა თბილისში, რომელიც 2012 წელს 98 000 დოლარად აქვს შეძენილი; 1047 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წავკისში, რომელიც 2022 წელს 139 251 აშშ დოლარად იყიდა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, დეკლარაციის მიხედვით, ქვრივიშვილის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი BMW x6, რომელიც 2018 წელს 60 000 დოლარად აქვს შეძენილი. გარდა ამისა მის საკუთრებაშია Rolex-ის ბრენდის 2 საათი, რომლის ჯამური ფასი 22 000 დოლარია, აქედან 10 000-დოლარიანი საათი მას ჩუქებით აქვს მიღებული, 12 000-დოლარიანი კი თავად შეიძინა; ასევე, ეკონომიკის ახალი მინისტრი ფლობს Cartier-ის ბრენდის სამაჯურსა და ბეჭედს, რომელშიც ერთობლივად 10 500 დოლარი გადაიხადა 2017 წელს
რაც შეეხება, ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ქვრივიშვილს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 116 874 ლარი, 2 467 გირვანქა სტერლინგი და 309 100 დოლარი ჰქონდა. მასვე გასულ წელს მინისტრის მოადგილის პოსტზე ანაზღაურების სახით 76 787 ლარი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ეკონომიკის მინისტრი ფლობს შპს „ვოიაჟერ“-ის 10%-იან წილსა და შპს „ეარლაინ რეპრეზენთეიშენ გრუპ“-ის 30%-იან წილებს, რომელთა საქმიანობითაც მისმა წლიურმა შემოსავალმა შესაბამისად, 158 000 და 154 500 ლარი შეადგინა. დეკლარაციის მიხედვით, მასამ კომპანიებში წილის მართვა სხვა პირზე აქვს მინდობით გადაცემული.
რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილის მეუღლეს, მის მფლობელობაშია თბილისში მდებარე 3 ბინა, და არასაცხოვრებელი ფართის 35%-იანი წილი; ასევე ფლობს Tesla Inc-სა და Rivian Automative INC-ს აქციებს. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ქვრივიშვილის მუეღლეს საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 4 778 დოლარი, 45 724 ევრო, 5 167 ლარი ჰქონდა.
გარდა ამისა, მარიამ ქვრივიშვილის მეურღლე ფლობდა, შპს „პროფუნქტორის“ 100 %-იან წილსა და შპს „მინერალ მაინინგ კორპორეიშენის“ 30%-იან წილს, ასევე ეკავა დირექტორის პოზიცია 20-მდე კომპანიაში, თუმცა არცერთი ამ თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი არ უფიქსირდება მას დეკლარაციაში. შპს „აჭარა ჯგუფის“ მმართველი დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას კი მისმა შემოსავალმა გასულ წელს 385 684 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს, მარიამ ქვრივიშვილს გასულ წელს უძრავი ქონების გაქირავების შედეგად მიღებული აქვს 11 975 დოლარის შემოსავალი; მასვე დახმარების მიზნით გაცემული აქვს ჯამურად, 10 000 ლარი. მის მეუღლეს კი უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული აქვს წლიურად 15 067 ლარი.
„ბიზნესპრესნიუსი”
0
0